რელიგია
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე აშენებული მონასტერი 15 სექტემბერს გაიხსნება

monasteri22თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს განცხადებით, „დარიალის ხეობაში აშენებული მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი, რომელიც 15 სექტემბერს გაიხსნება, საქართველოს დაცვა იქნება“.

„ეს არის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და შემთხვევითი არ არის, რომ მონასტერი იქ შენდება. ეს საქართველოს დაცვა იქნება“, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას და მრევლს მოუწოდა, ვისაც საშუალება აქვს, მონასტერში ერთი ტომარა ფქვილი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ერთი ბოთლი ზეთი წაიღოს.

პატრიარქმა ქადაგებისას იოანე ნათლისმცემლის ღვაწლსა და რწმენის შენარჩუნების აუცილებლობაზეც ისაუბრა. „ადამიანის ბუნება რთულია. ჯოჯოხეთიდან შეიძლება, ზეცად ამაღლდეს ან პირიქით – დაეცეს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, საით მივდივართ, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით მომავალში. ქართველ ერს უნდა ახსოვდეს, რომ ის მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც წინაპრებმა შემოინახეს, საქართველოს საცხონებელი საშუალებაა. სიკეთე, რომელიც უფალმა ქართველ ადამიანებს გვიბოძა – სიყვარული, თანადგომა, გაჭირვებული ადამიანის დახმარება, შენდობა, პატიება – ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვცხონდებით და საქართველო გადარჩება“, – განაცხადა პატრიარქმა.