აქტუალური
ქართულ-რუსული მოლაპარაკებები

maksim_medvedkovთბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებით ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს. რუსული მედია ჯერ კიდევ გასულ თვეს იუწყებოდა, რომ მხარეები ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდებიან.

ამავე ცნობის თანახმად, მოლაპარაკებები შვეიცარიის შუამავლობით გაიმართება. ეს ინფორმაცია მაშინ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმაც დაადასტურა. რუსმა ჩინოვნიკმა განსახილველი საკითხები არ დააკონკრეტა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი რუსეთში ქართული პროდუქციის დაბრუნება იქნება. მეტიც: ამ ცნობების თანახმად, სექტემბერში რუსულ ბაზარზე არა მხოლოდ ქართული მინერალური წყალი, ქართული ღვინოც დაბრუნდება. ინფორმაციისათვის: რუსეთის მთავარმა სანიტარმა „ბორჯომთან“ მოლაპარაკებები დაადასტურა, ხოლო „აი დი ეს ბორჯომში“ აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად, თუ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები შეთანხმდებიან.