აქტუალური
კობახიძე: მთავრობა მზადაა ყულევის ტერმინალის შესახებ EU-ს სრული ინფორმაცია მიაწოდონ

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყულევის პორტის შესაძლო სანქცირების საკითხზე მთავრობა სრულ ღიაობას გამოხატავს, რომ ევროკავშირს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ტერმინალის საქმიანობის შესახებ. ამასთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

"საქართველო ძალიან მკაცრად იცავს ყველა წესს რაც უკავშირდება სასანქციო რეჟიმს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ დისკუსიისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის მათ შორის ევროკავშირთან.

ჩვენთვის ყულევი არის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი. გამოვხატავთ სრულ ღიაობას და მივაწვდით ინფორმაციას ევროკავშირს. ჩვენ სრულად ვიცავთ სასანქციო რეჟიმს", - ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

9 თებერვალს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი სანქციების მეოცე პაკეტის პროექტში განიხილავს რუსეთისთვის და "მესამე ქვეყნებში" ოთხ კონკრეტულ ტერმინალში ნავთობის მიწოდებას (მათ შორის ყულევის ტერმინალში).

2025 წლის ბოლოს გააქტიურდა რუსეთიდან ნედლი ნავთობის მიწოდება ყულევის ნავთობტერმინალში, რომლიდანაც აღნიშნული ნავთობი ყულევის ახალი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ტერმინალში გადაიზიდა. მაშინ Reuters-ი წერდა, რომ საქართველოს ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ოპერირება რუსული კომპანია Rusneft-ის ნედლი ნავთობით დაიწყო.

რადიო თავისუფლების თანახმად, სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:

"[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას".

ცნობისთვის, ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანამ სრული ციკლის გადამმუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას. პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი $600 მილიონ დოლარს შეადგენს.

ქარხნის დაფინანსება თავდაპირველად $50 მილიონი დოლარის სინდიცირებული კრედიტით დაიწყო, რომელშიც კომერციული ბანკები - "ქართუ ბანკი", "ხალიკ ბანკი" და "ბაზისბანკი" 45 მილიონი დოლარით, "საქართველოს განვითარების ფონდი" კი 8.2 მილიონი დოლარით მონაწილეობდნენ.

“ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის.