პოლიტიკა
განათლება, ვაჭრობა, ურთიერთობები: ინტერვიუ რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელთან

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი.

„Sputnik საქართველოსექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელ დმიტრი ოლისოვთან დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში 10 თებერვალს აღინიშნება

აზარალებს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებას? როგორ აღინიშნა საქართველოში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი? რა ღონისძიებები ტარდება საქართველოში რუსული კულტურის პოპულარიზაციისთვის? რით იზიდავს რუსული განათლება ქართველ სტუდენტებს? ამ და სხვა საკითხებზე „Sputnik საქართველო“-სთვის ექსკლუზიურ ინტერვიუში დმიტრი ოლისოვმა ისაუბრა.

ეკონომიკა, კულტურა, განათლებაეს არის სფეროები, რომლებიც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში ყველაზე თვალსაჩინოდ აისახება მოსახლეობაზე. დავიწყოთ რუსეთისა და საქართველოს ეკონომიკური კავშირებით. ბოლო მონაცემები მიუთითებს რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის თანმიმდევრულ ზრდაზე. თქვენი აზრით, რა დგას ამის უკან?

— სრულიად კანონზომიერია, რომ ორმხრივი ვაჭრობა წლიდან წლამდე დადებით დინამიკას აჩვენებს, რადგან რუსეთი და საქართველო მეზობელი ქვეყნები არიან, ჩამოყალიბებული და მდგრადი საქმიანი კავშირებით. ჩვენი პროდუქცია ტრადიციულად, მოთხოვნადია საქართველოში, ხოლო ქართული საქონელი კარგად არის ცნობილი და პოპულარულია რუს მომხმარებელთა შორის. ორივე ქვეყანა ბუნებრივი პარტნიორია. მინდა ვიმედოვნო, რომ სწორედ ეს „ბუნებრივობა“ გახდება იმ პრობლემების სწრაფად დაძლევის საფუძველი, რომლებიც დღეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებობს. გარკვეულწილად, მზარდი სავაჭრო მაჩვენებლები ორმხრივი ურთიერთობების „ლაკმუსის ქაღალდია“. მიუხედავად ხანდახან ცვალებადი პოლიტიკური „ამინდისა“, რუსი და ქართველი ხალხები კვლავ სტუმრობენ ერთმანეთს და თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ურთიერთსარგებლიანობაც.

შეიძლება თუ არა ვისაუბროთ ურთიერთსარგებლიანობაზე? თუ კი, რაში გამოიხატება იგი?

— არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლოა. გასული წლის შედეგებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 6%-ით გაიზარდა და 2,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან, ქართული ექსპორტი რუსეთში, რომელიც წლის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა, 93%-ით აგრარულ პროდუქციას წარმოადგენს. რუსული ბაზარი, თუ არა ერთადერთი, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი საკვანძოა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. რამდენიმე ციფრს მოვიყვან: რუსეთზე მოდის ქართული ღვინის ექსპორტის 64%, სხვა ალკოჰოლური სასმელების — 56%, მინერალური წყლის — 41%, ლიმონათების — 31% და ხილის — 85%.

თავის მხრივ, რუსეთიდან იმპორტში, პირველ რიგში, ენერგორესურსები შედის, მათ შორის ნავთობპროდუქტები და გაზი, ასევე სურსათი — მაგალითად, ხორბალი, რომლისგანაც მზადდება ცნობილი ქართული ხინკალი და ხაჭაპური. ამ საქონლის მიწოდება საქართველოში დივერსიფიცირებულია, რაც ნიშნავს, რომ მათი შეძენა რუსეთისგან ფასისა და ხარისხის ოპტიმალური თანაფარდობის მაჩვენებელია.

ვერ ავუვლით გვერდს ტურიზმის სფეროსაც, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენია. გასულ წელს მზიან საქართველოს რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის — 1,6 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც მთლიან შემომავალ ტურისტულ ნაკადში 23%-ს შეადგენს — პრაქტიკულად, ყოველი მეოთხე სტუმარი რუსეთიდან იყო! სასიხარულოა ქართველ მოქალაქეთა საპასუხო ვიზიტების ზრდაც — საქართველოს საზღვარგარეთული გასვლების 17% რუსეთზე მოდის. საიდუმლო არ არის, რომ ორმხრივი მგზავრობების ინტენსივობას ხელს უწყობს კულტურულ-ისტორიული სიახლოვე, უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავიამიმოსვლის არსებობა. დღეს საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან შესაძლებელია გაფრენა რუსეთის 11 ქალაქში — არა მხოლოდ ქვეყნის ევროპულ ნაწილში, არამედ ურალის მიღმაც.

მოქმედებს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე?

— სახელმწიფოთაშორისი დიალოგის არარსებობა კვლავაც რჩება საგრძნობ ბარიერად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. რუსეთისა და საქართველოს ბიზნესწრეები პერიოდულად სირთულეებს ქმნიან, რომლებიც, ოფიციალური საკომუნიკაციო არხების არსებობის შემთხვევაში, საკმაოდ მარტივად მოგვარდებოდა. მაგალითად, სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დატვირთვა სახმელეთო საზღვარზე ერთადერთ გამშვებ პუნქტზე („ზემო ლარსი“-„დარიალი“). შედეგად, სატვირთო ავტომობილების ლოდინის დრო ზოგჯერ 10 დღემდე აღწევს, რაც ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჩვენს მომხმარებლებს, არამედ იმ გადამზიდავებსაც, რომლებიც საქართველოს გავლით, ტრანზიტულად გადაადგილდებიან. ცხადია, ამ პრობლემის გადაწყვეტა ერთობლივი მუშაობის გარეშე რთულად წარმოსადგენია. ანალოგიური დარგობრივი დიალოგი საჭიროა სხვა სფეროებშიც — ავიაციაში, სოფლის მეურნეობასა და საბაჟო სფეროში.

2025 წლის განმავლობაში რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ ფართოდ აღინიშნა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი. რა სადღესასწაულო და მემორიალური ღონისძიებები ჩაატარა რუსეთის ინტერესთა სექციამ საქართველოს ტერიტორიაზე?

— მართლაც, მთელმა 2025 წელმა დიდი გამარჯვების 80 წლის იუბილეს ნიშნით ჩაიარა. ძირითადი ღონისძიებები, რა თქმა უნდა, 9 მაისს გაიმართა, თუმცა, ამ თარიღამდე და მის შემდეგაც არაერთი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც გამარჯვების დღეს მიეძღვნა. პირველ რიგში, აღსანიშნავია საქართველოში მცხოვრები ვეტერანების პატივისცემა. ინტერესთა სექციის თანამშრომლებმა მათ საიუბილეო მედლები გადასცეს— “1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წელი“. 9 მაისს თბილისში გაიმართა ყვავილების გვირგვინებითა და თაიგულებით პატივის მიგება ძეგლებსა და მემორიალებთან. მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა ბათუმში, დმანისში, ქუთაისში, მარნეულსა და ფოთში.

ინტერესთა სექციამ მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტს“ „საქართველოს უკვდავი ლაშქრის“ მსვლელობის (რუსეთში ცნობილი „უკვდავი პოლკის“ ანალოგი) და ТАСС-ის საარქივო გამოფენის „მათი გმირობა უკვდავია“ ორგანიზებაში. ასევე დაჯილდოვდნენ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავს მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსის ლაურეატები ნომინაციებში: „პოეზია“, „პროზა“, „პუბლიცისტიკა“ და „ახალგაზრდული შემოქმედება“. გარდა ამისა, პარტნიორი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, გაიმართა თემატური მრგვალი მაგიდები და ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსი თემაზე: „ნიურნბერგის პროცესი: ისტორია და თანამედროვეობა“.

რუსეთი, როგორც ცნობილია, მდიდარია კულტურით და ამ მიმართულებით, უცხო სახელმწიფოებთან თანამშრომლობა ყოველთვის აქტიური იყო. როგორ ვითარდება ეს პროცესი საქართველოში? რამდენად ახერხებს ინტერესთა სექცია ქართველთა დაინტერესებას რუსული კულტურით?

— ვხედავთ, რომ საქართველოში რუსული კულტურისადმი ინტერესი, თავისი მრავალფეროვნებით, შენარჩუნებულია. პირველ რიგში, ეს ეხება უფროს თაობას, რომელიც გაიზარდა რუსულ კლასიკაზე, კარგად ესმის იგი და ფლობს რუსულ ენას. ამავე დროს, ვცდილობთ, საშუალო და ახალგაზრდა თაობაშიც გავაღვივოთ ინტერესი მსოფლიოში პოპულარული რუსული კულტურისა და ხელოვნების მიმართ.

არ ჩამოვთვლი საქართველოში ყველა გამართულღონისძიებას, ქვეყნის კულტურული ცხოვრება მდიდარია. შევჩერდები მხოლოდ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე. 2025 წლის ოქტომბერში, თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა მონოსპექტაკლის „ვგრძნობ ღმერთის რადუნიცას…“ პრემიერა, რომელიც სერგეი ესენინის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს მიეძღვნა. მოგვიანებით თეატრის წამყვანი მსახიობის, ვალერი ხარიუტჩენკოს ეს სპექტაკლი მოსკოვში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ვიტიაზის“ ოქროს დიპლომით დაჯილდოვდა.

2025 წლის დეკემბერში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა კონცერტი პიოტრ ჩაიკოვსკის დაბადებიდან 185 წლის იუბილესადმი მიძღვნილი. ღონისძიებას წინ უძღოდა ცნობილი მკვლევრის, დენის ფონ მეკის ლექცია, რომელმაც ისაუბრა, რა აკავშირებდა დიდ რუს კომპოზიტორს საქართველოსთან.

თბილისის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა 2025 წელს დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ კინოთეატრ „ამირანში“ გამართულმა დოკუმენტური კინოს ფესტივალმა „თბილი ისტორიები“. ნაჩვენები იყო ფილმები: „დოქტორ ჟივაგოს ბიჭები და გოგონები“ (ბორის პასტერნაკისა და ქართველი პოეტის ტიციან ტაბიძის მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ), „გიორგი რომანოვი. ქართული დღიური“ (იმპერატორ ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმის შესახებ, რომელიც მძიმე ავადმყოფობის სამკურნალოდ აბასთუმანში იმყოფებოდა), „ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ მეგობრობისთვის ვარ განწირულნი“ (ვლადიმერ გუცაევის პროფესიულ გზაზე — თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელისა და 1978 წლის სსრკ-ის ჩემპიონი ფეხბურთელის შესახებ) და „ლექსო“ (რუსული საფორტეპიანო სკოლის აღზრდილის, გამოჩენილი ქართველი პიანისტის ალექსანდრე თორაძის ცხოვრების შესახებ).

ფილმმა „ლექსო“ არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის პრემია „ნიკა“ ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“, XVIII საერთაშორისო კინოფესტივალ „დედამიწის მარილის“ სპეციალური პრიზი, II ღია რუსული ფესტივალის „კინო და მუსიკა“ პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის და XIX საერთაშორისო კინოფესტივალ „რუსული საზღვარგარეთის“ მთავარი ჯილდო დოკუმენტური ფილმების კონკურსში. გარდა ამისა, 2025 წლის ივნისში, ალექსანდრე თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის წინ, ფილმი „ლექსო“ ნაჩვენები იყო თბილისის კინოს სახლში.

ინტერესთა სექციაში გრძელდება საქართველოს მოქალაქეთა შერჩევითი პროცესი რუსეთის ფედერაციის მთავრობის კვოტის ფარგლებში 2026/2027 სასწავლო წელს რუსეთში უფასო სწავლისთვის. თქვენი აზრით, რით შეიძლება იყოს რუსული განათლება მიმზიდველი ქართველი აბიტურიენტებისთვის?

— 2026/2027 სასწავლო წელს რუსეთში უფასო სწავლისთვის განაცხადების მიღება და თავად შერჩევითი პროცესი გახანგრძლივდა 2026 წლის 15 თებერვლამდე. ველით ყველა მსურველს — ჯერ კიდევ არის რამდენიმე დღე, რომ განსაზღვრონ სასურველი მიმართულება და შეიტანონ განაცხადი.

რაც შეეხება რუსული განათლების მიმზიდველობას, მის მიმართ ინტერესი კანონზომიერია. რუსეთს აქვს მდიდარი მემკვიდრეობა მეცნიერების მრავალ სფეროში, მათ შორის დღეს განსაკუთრებით მოთხოვნად მიმართულებებში. ესენია: მედიცინა; კომპიუტერული ტექნოლოგიები; ინჟინერია და სამშენებლო ტექნოლოგიები; მანქანათმშენებლობა; ლინგვისტიკა; ეკონომიკა, ბიზნესი და მართვა; საერთაშორისო ურთიერთობები და სამართალი; დიზაინი და არქიტექტურა; რეჟისურა; სოფლის, სატყეო და მეთევზეობის მეურნეობა; გამოყენებითი გეოლოგია; ნავთობისა და გაზის საქმე; გეოდეზია.

რუსეთის მთავრობის კვოტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის ყოველწლიურად გამოიყოფა გარკვეული რაოდენობის ადგილები, სრულად უფასოდ. შერჩეულ სტუდენტებს ენიჭებათ სტიპენდია და უზრუნველყოფილნი არიან საერთო საცხოვრებლით. სწავლისგან თავისუფალ დროს მათ ოფიციალურად დასაქმების უფლებაც აქვთ. 2024 წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში განათლების მიღების მიზნით მიემგზავრებიან, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში დაწესდა უვიზო რეჟიმი — საზღვრის გადასაკვეთად საჭიროა მხოლოდ პასპორტი. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ჩასვლიდან 90 დღის განმავლობაში მიიღონ დროებითი რეგისტრაცია რუსეთის ტერიტორიაზე. უნივერსიტეტებში უცხოელ სტუდენტებთან მომუშავე განყოფილებები ამ საკითხებში დახმარებას უწევენ.

რუსეთის რომელი ქალაქები მონაწილეობენ პროგრამაში? და რა დონის განათლებაა ხელმისაწვდომი კვოტის ფარგლებში?

— ქართველი სტუდენტები, პრაქტიკულად, ნებისმიერი ქალაქის არჩევას შეძლებენ, რადგან პროგრამაში მონაწილეობს 700-ზე მეტი სასწავლებელი, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული უნივერსიტეტები: პატრის ლუმუმბას სახელობის რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, ნ. ი. პიროგოვის სახელობის რუსეთის ეროვნული კვლევითი სამედიცინო უნივერსიტეტი, ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი „უმაღლესი ეკონომიკის სკოლა“, ყაზანის (ვოლგის რეგიონის) ფედერალური უნივერსიტეტი, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა მრავალი ცნობილი სასწავლებელი. კანდიდატებს შეუძლიათ აირჩიონ 650 სპეციალობიდან ნებისმიერი — დიზაინიდან და მსახიობის ოსტატობიდან ბირთვულ ფიზიკამდე, ეკონომიკამდე ან იურისპრუდენციამდე.

ჩაბარება შესაძლებელია განათლების სხვადასხვა საფეხურზე: ბაკალავრიატი ან სპეციალიტეტი, მაგისტრატურა, ასპირანტურა ან ორდინატურა. უფრო მეტიც, პროგრამა იძლევა საშუალო პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობასაც — მაგალითად, მედდის ან ფელდშერის სპეციალობით. ასევე ხელმისაწვდომია დამატებითი პროფესიული განათლება მათთვის, ვისაც უკვე აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი და სურს ცოდნის გაღრმავება ან ახალი პროფესიის დაუფლება. ზოგიერთი პროგრამა მხოლოდ ორი კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება, ხოლო სწავლა შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც — მაგალითად, მოკლევადიან კურსებზე „რუსული ენა, როგორც უცხო ენა“ ან სასტუმრო საქმეში.

ბევრი რუსული უნივერსიტეტი იმ სტუდენტებს, რომლებიც რუსულ ენას არ ფლობენ, სთავაზობს მოსამზადებელ ფაკულტეტზე სწავლის შესაძლებლობას (ვადა — ერთ წლამდე). თუ კონკრეტულ უნივერსიტეტში ასეთი ფაკულტეტი არ არის, სტუდენტს გადაანაწილებენ იმავე ქალაქის სხვა სასწავლებელში, რომელსაც შესაბამისი რესურსი აქვს. გარდა ამისა, რუსული ენის სწავლა შესაძლებელია თბილისშიც. მაგალითად, კულტურული ცენტრი „აზბუკა“ ყველა მსურველისთვის ატარებს რუსული ენის უფასო კურსებს.

არსებობს თუ არა განსაკუთრებული მოთხოვნები კვოტის მაძიებლებისთვის?

— რა თქმა უნდა, არსებობს პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომლის განათლების დონე საშუალოზე დაბალი არ არის. ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს. აუცილებელი პირობაა, კანდიდატს ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. შესაძლებელია ასევე რუსეთის მოქალაქეობის ქონაც, თუმცა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა იყოს საქართველოში. შერჩევის ეტაპზე საჭიროა დოკუმენტის წარდგენა, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატს 2025 წლის 31 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე რეგისტრაცია არ ჰქონია.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია პორტალზე „განათლება რუსეთში უცხოელებისთვის“ — www.education-in-russia.com. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართოთ ინტერესთა სექციის თანამშრომელს ელექტრონულ ფოსტაზე (edu-in-ru@mail.ru) ან ტელეფონით: 322-91-32-64.