საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური "ენგურჰესი" ტექნიკური სამუშაოებისთვის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. "ენგურჰესში" აცხადებენ, რომ ამჟამად ჰიდროაგრეგატი გაჩერებულია, შესაბამისად ენგურჰესის სიმძლავრე 260 მვტ-ით არის შემცირებული.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, სატურბინო წყალსატარის რკინის მოსახვის დაზიანებული ადგილების აღდგენითი სამუშაოები ესაჭიროება. სამუშაოების საერთო ღირებულება დაახლოებით 270 139 ლარია.
"სატურბინო წყალსატარის 36 მმ სისქის რკინის მოსახვაზე აღმოჩენილია გამჭოლი ბზარები, ზედაპირი ამობურცულია 7,5 კვ/მეტრ ადგილზე. სატურბინო წყალსატარზე სტატიკური დაწნევა შეადგენს 40 ატმოსფეროს, მუშა მდგომარეობაში მყოფი ჰიდროაგრეგატის პირობებში შეიძლება მოწყდეს დაზიანებულ ადგილას რკინის ფირფიტა და შეიტანოს ჰიდროაგრეგატის სპირალურ კამერაში და ჰიდროაგრეგატს მიაყენოს ზიანი, რომელიც აგრეგატს გააჩერებს ხანგრძლივი დროით. ასევე მაღალი დაწნევისას ბზარებიდან წყალი შედის წყალსატარის გარემომცველ კლდოვან მასივში, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ფილტრაციული წყლების მომატებას სამანქანო დარბაზში. შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება არტეზიული ტუმბოების დატვირთვა. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება დროის უმოკლეს ვადაში.
N5 ჰიდროაგრეგატზე მიმდინარე შეკეთების სამუშაოების მიმდინარეობისას სპირალური კამერის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სილა- ხრეშოვანი ნარევი, ა/წლის 30 იანვარს, დაიცალა წყლისგან N5 სატურბინო წყალსატარი დათვალიერების მიზნით, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა დაზიანებები სფერული საკეტიდან 170 მეტრში ზედა ბიეფის მიმართულებით წყალსატარის რკინის მოსახვაში. აღნიშნული დაზიანებები საფრთხეს უქმნის N 5 ჰიდროაგრეგატის შემდგომ ექსპლუატაციას...
ამჟამად ჰიდროაგრეგატი გაჩერებულია, შესაბამისად ენგურჰესის სიმძლავრე შემცირებულია 260 მვტ-თი.", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ენგურჰესი საქართველოს ენერგოსისტემის წამყვანი ჰიდროელექტროსადგურია, რომლის წილად მოდის წლის განმავლობაში ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 30%. ხოლო წყალდიდობის პერიოდში (აპრილი-აგვისტო) ეს მაჩვენებელი 65-70%-ს უახლოვდება. ასევე ენგურის ელექტროენერგიის ფასი ყველაზე იაფია საქართველოში. "აღნიშნული დაზიანების უმოკლეს დროში აღმოუფხვრელობა საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ენგურჰესის, ასევე საქართველოს ენერგოსისტემის ფინანსურ და ტექნიკურ მდგრადობას".
"ის ვადები რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით ელექტრონული ტენდერის ჩასატარებლად, გამარჯვებულის გამოსავლენად, შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად მნიშვნელოვნად აღემატება გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის პროცედურით შესყიდვის შეთანხმების დროს, ამასთან არსებობს ალბათობა იმისა რომ ტენდერი არ შედგეს. ასევე უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება, რომ წყალდიდობის სეზონი იწყება აპრილის დასაწყისიდან შესაბამისად აუცილებელია ყველა აგრეგატის მზადყოფნა", - აცხადებენ ჰესის მმართველ კომპანიაში.
შ.პ.ს ენგურჰესის სამუშაოების ჩასატარებლად კომპანია "სპეცენერგორემონტი" ჰყავს შერჩეული, რომელმაც მათი ინფორმაციით, ბაზრის კვლევაში ყველაზე ნაკლები ფასი შესთავაზა (270139 ლარი დღგ- ს ჩათვლით) სახელმწიფო კომპანიას. 2025 წელს ენგურჰესის და ვარდნილჰესის კასდკადმა ჯამში დაახლოებით 4 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს.
განახლება: "ენგურჰესში" BMG-ის უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მდინარე ენგურის წყალსაცავში არსებული წყლის რესურსის ათვისება მაქსიმალურად ხდება და ენგურჰესი გამართულად მუშაობს.
"როგორც წესი, ყოველი წლის თებერვალ-მარტში, მდინარე ენგურის წყალსაცავში წყლის დონე დაბალია და შემოდინებაც - მცირე. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე არსებული წყლის რესურსის ათვისებას ენგურჰესის მუშა მდგომარეობაში მყოფი 2-3 აგრეგატიც ჰყოფნის. თუმცა, აპრილში მოსალოდნელი წყლის შემოდინების გაზრდილი მოცულობის მაქსიმალურად ასათვისებლად, ხუთივე აგრეგატის გამართული მუშაობის აუცილებლობა დგება დღის წესრიგში. ამდენად, სწორედ წყალმცირობის პერიოდი არის მიზანშეწონილი გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და შესაბამისად, №5 სატურბინო წყალსატარის რკინის მოსახვის დაზიანებული ადგილების აღდგენითი სამუშაოებიც აპრილამდე უნდა მოესწროს, რათა წყლის გაზრდილ მოცულობას ხუთივე გამართული აგრეგატით შევხვდეთ და წყლის დაღვრა არ გახდეს საჭირო. განვმარტავთ, რომ აღნიშნული პროცესი ენგურჰესის დღევანდელი გამომუშავების მაჩვენებელს არ ამცირებს, მეტიც - ამ ეტაპზე მდინარე ენგურის წყალსაცავში არსებული წყლის რესურსის ათვისება მაქსიმალურად ხდება და ენგურჰესი საიმედოდ, გამართულად მუშაობს", - აცხადებენ კომპანიაში.