მეუფე იობი დედამიწაზე მოსალოდნელ მაგნიტურ ქარიშხალს "კაცობრიობის ცოდვების გამო უფლის მიერ მოვლენილ მორიგ განსაცდელად" მიიჩნევს.
როგორც რუის-ურბნელმა მიტროპოლიტმა ქადაგებისას აღნიშნა, "კაცობრიობა წინასწარმეტყველების აღსრულების ეპოქაში, მეორედ მოსვლის წინაპერიოდში იმყოფება".
"როდესაც უფალს ჰკითხეს მეორედ მოსვლის წინაპერიოდის გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ, მან უპასუხა: "ხალხი ჩემს წინააღმდეგ წამოვა, მაგრამ მე მაქვს საშუალება, რომ დავსაჯო, მე მათ მოვუვლენ ქარიშხლებს, ხანძრებს, მიწისძვრებსა და წყალდიდობებსო," – აღნიშნა მეუფე იობმა და დასძინა, რომ "ეს ყველაფერი არა გლობალური დათბობის გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კაცობრიობის ცოდვების გამო ხდება".მისივე თქმით, "მამათა წინასწარმეტყველება და მეცნიერული ახსნა 2013 წელს მოსალოდნელ კატაკლიზმებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა".
"2013 წელს მზეზე დიდი აფეთქებები მოხდება და მაგნიტური ველი მთელს კაცობრიობას მოიცავს. დაიკარგება ელექტროკომუნიკაციები, ელექტროტექნიკა მწყობრიდან გამოვა. მაგნიტური ველი ადამიანების გონებაზეც იმოქმედებს. მათგან ზოგი გაგიჟდება, ზოგი ვეღარ იაზროვნებს, ზოგი განსჯის უნარს დაკარგავს", – ბრძანა მეუფე იობმა და დასძინა, რომ "მაგნიტური ველი მსოფლიოს ხელისუფალთა გონებაზეც დამღუპველად იმოქმედებს და სწორედ ისინი, გონივრულგანსჯამოკლებულები, დაიწყებენ მესამე მსოფლიო ომს", – ბრძანა მეუფე იობმა.
ქადაგების დასასრულს მეუფემ ხალხს ლოცვისა და რელიგიური ცხოვრების გაძლიერებისკენაც მოუწოდა, "რათა მესამე მსოფლიო ომისას მოსალოდნელ განსაცდელს კაცობრიობა შემზადებული შეხვდეს".