აქტუალური
გრიგოლ გეგელია: მზად ვართ, „ქართული ოცნების“ ფარსიკული სპიკერები დავცეთ ბეჭებზე

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. მზად ვართ, „ქართული ოცნების“ ფარსიკული სპიკერები დავანარცხოთ და დავცეთ ბეჭებზე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც პრემიერი აღნიშნავს, რომ საჭიროა საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნდეს.

გეგელიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია პასუხები საზოგადოების წინაშე არსებულ არცერთ კრიტიკულ საკითხზე, რის გამოც წლების განმავლობაში გაურბის საჯარო დებატებს.

გეგელიამ აღნიშნა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც დაპატიმრებულია არაერთი პოლიტიკური ოპონენტი, მიმდინარეობს ზეწოლა პოლიტიკურ პარტიებზე და საუბარია მათი გაუქმების მცდელობაზეც, ასეთ პირობებში დებატების მნიშვნელობაზე საუბარი „კომიკური და ღიმილისმომგვრელია“.

ეს ხელისუფლება 6 წელია ემალება ყველა ფორმის დემოკრატიულ ფორმატს, რადგან მათ არანაირი სათქმელი არ გააჩნიათ არცერთ კრიტიკულ საკითხზე, რაც ასე მწვავედ დგას ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში. ასე რომ, მათგან წამოსული შეთავაზება დებატებთან დაკავშირებით, არის ძალიან კომიკური, იმ ფონზე, რომ 6 წელია გაურბიან დებატებს, დაპატიმრებული ჰყავთ უამრავი პოლიტიკური ოპონენტი, ებრძვიან პარტიებს და აპირებენ პარტიების გაუქმებას. ასეთ ვითარებაში დებატის სიკეთეზე საუბარი არის კომიკური და ღიმილის მომგვრელი. დებატების მსურველი ხელისუფლება ასე არ მოიქცეოდა.

თუმცა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკაზე და ძირითად საკითხებზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ სადებატოდ და მზად ვართ, „ქართული ოცნების“ ფარსიკული სპიკერები დავანარცხოთ და დავცეთ ბეჭებზე. ამიტომ იმალებიან 6 წლის განმავლობაში თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, - განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, გეგელიამ ისაუბრა ოპოზიციური პარტიების კოორდინაციაზე და აღნიშნა, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ კოორდინაციისთვის ღიაა, მაგრამ პარტიული გაერთიანება დღის წესრიგში არ დგას.

მისი თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, შეექმნათ საერთო სახალხო პარლამენტი, საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი და კოალიციურ ფორმატში მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში.

ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველო“ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ კოორდინაციისთვის, ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს სურვილი შექმნილიყო საერთო სახალხო პარლამენტი, მათ შორის შეგვექმნა საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი და ერთად გვებრძოლა არჩევნებში. კოორდინაციის და კოალიციური ფორმატის მიმართ ყოველთვის ღია ვიყავით და კვლავაც ვინარჩუნებთ ღიაობას. რაც შეეხება პარტიულ გაერთიანებას, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო პოლიტიკური იდეა და ისეთი რამ, რასაც ჩვენ რამე ფორმით განვიხილავთ“,- განაცხადა გეგელიამ.