საზოგადოება
„საქსტატმა" საქართველოს მოსახლეობის აღწერის შედეგების გამოქვეყნების ვადა დაასახელა

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მოსახლეობის აღწერის საბოლოო მონაცემები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება, განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილმა.

მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, წინასწარი მონაცემები 2025 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად საქართველოს მოსახლეობამ 3 914 000 ადამიანი შეადგინა.

წელს, აპრილის ბოლოსკენ გამოქვეყნდება მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა მუნიციპალიტეტების და რეგიონების დონეზე, ხოლო 2026 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება სხვა დანარჩენი ინფორმაცია, რომელიც ეხება მოსახლეობის ეროვნებას, განათლებას, ქორწინებით მდგომარეობას, დასაქმება-უმუშევრობის შესახებ ინფორმაციას", - განაცხადა შავიშვილმა.

გარდა ამისა, გამოქვეყნდება მონაცემები მოსახლეობის საბინაო პირობების შესახებ და, რაც მთავარია, გამოქვეყნდება მონაცემები სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ, რომელიც მოიცავს მიწის ფართობს, პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობას.

მისი თქმით, აღწერის ისტორიაში პირველად იყო დიგიტალიზაციის 100-პროცენტიანი პროცესი.

ჩვენ მონაცემები არ შეგვიგროვებია ქაღალდის კითხვარის მეშვეობით. პროცესი იყო ორ ნაწილად განაწილებული. პირველ ეტაპზე განხორციელდა თვითრეგისტრაცია მოსახლეობის მიერ და შემდგომში უკვე ჩვენმა ინტერვიუერებმა პლანშეტების გამოყენებით ჩაატარეს კარდაკარ აღწერა", - განახადა შავიშვილმა.

საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო როგორც ვებგვერდზე ანკეტის შევსებით, ისე სახლში, „კარდაკარის“ თანამშრომლების კითხვებზე პასუხების გაცემით.