პოლიტიკა
მახაშვილი: კალასი ევროკავშირის ორგანოებში დაკავებულ თანამდებობას არ იმსახურებს

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელად საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის ნაცვლად გაცილებით კომპეტენტური, გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი დაინიშნოს, თუმცა მისი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ლოპესმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია მისი თქმით, კალასი სრულიად მოწყვეტილია დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს.

ევროკავშირის წევრი-ქვეყნების გადასაწყვეტია მას შეცვლიან თუ არა, ამ თანამდებობაზე განიხილონ თუ არა მისი კანდიდატურა, მაგრამ საქართველოს გადმოსახედიდან, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რა არაკომპეტენტური, არადიპლომატიური და უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა კაია კალასს საქართველოსადმი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, ბევრად გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს აი, ამ მნიშვნელოვან, საკვანძო თანამდებობაზე“, - განაცხადა მახაშვილმა.

მახაშვილის თქმით, დღეს ევროკავშირი რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფება და ძალიან რთულ საერთაშორისო მოვლენებს განიცდის.

ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში. დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი", - განაცხადა დეპუტატმა.

დეკემბერში, ბრიუსელში ევროპის საბჭოს სამიტის წინ კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობას. მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებებს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და არ აახლოებს მას ევროკავშირის წევრობასთან. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ ქვეყნის ხელმძღვანელობა აგრძელებს არასწორი ნაბიჯების გადადგმას, პროგრესი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესში შეუძლებელია.