„მართლმადიდებელთა კრებული“ მოთხოვნების შესრულებას ითხოვს
თბილისი, 9 სექტემბერი,
საქინფორმი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია
„მართლმადიდებელთა კრებული“ დღეს საქართველოს პარლამენტს სამი მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით 30 000 ხელმოწერას გადასცემს. ორგანიზაციის მოთხოვნაა, საქართველოს პარლამენტმა ბათილად ცნოს რელიგიური ორგანიზაციებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული კანონი, თუ უცხოეთში არსებულ ქართულ ძეგლებსა და ტაძრებზე ანალოგიური პრივილეგიები არ დაწესდება; შეწყდეს საქართველოში ელექტრონული ID მოწმობების გაცემა ან გაუქმდეს, სხვა ტრადიციული ევროპული ქვეყნების მსგავსად, როგორც ადამიანის უფლებების შემლახველი და მისი უზენაესი ნების ხელმყოფი საბუთის. „მართლმადიდებელთა კრებული“ ხელმოწერებით ითხოვს მაცხოვრის სასწაულთმოქმედი ხელთუქმნელი ანჩისხატის თავის ტაძარში დაბრუნებასაც; დროულად განხორციელდეს სახატის კიოტის პროექტი და სასწაულთმოქმედი სიწმიდეები ეროვნულ მუზეუმშივე (ყოფილ სასულიერო სემინარიის შენობაში) გადაეცეს ეკლესიას და აღდგეს ლოცვა მათ წინაშე.
როგორც „მართლმადიდებელთა კრებულში“ საქინფორმს განუცხადეს, ხელმოწერები გადაეცემათ პრეზიდენტის კანცელარიასაც და საპატრიარქოსაც.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მართლმადიდებელთა კრებული“ რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდა პროტესტის ნიშნად.