საზოგადოება
თემურ შაშიაშვილი: „საჭიროა სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკური ერთობა“

shashiashvili_temur2თბილისი, 9 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური ატყობინებს საქინფორმს, თემურ შაშიაშვილის აზრით, მომავლის საქართველოსთვის საჭიროა მუშაობა არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის შესაძლებლობების მაქსიმუმზე.

„კრიტიკულად რომ არ შევხედოთ პრეზიდენტის ყოველ გამოსვლას, მოგვწონდეს ყველაფერი და დავიჯეროთ, რომ  პრეზიდენტი, „ნაცმოძრაობა“, ხელისუფლება, საერთოდ, მუშაობენ მათი შესაძლებლობის მაქსიმუმზე, პატიოსნად აკეთებენ იმას, რის გაკეთებაც შეუძლიათ, ეს ქვეყნისთვის უკვე არაფერს ნიშნავს. ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს არა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმზე, არამედ ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმით, ანუ რეალურად მოიყვანს მოქმედებაში ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებს, ინტელექტუალურ პოტენციალს და სამშობლოსთვის სწორად და ეფექტურად გამოიყენებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ  შესაძლებლობას. ყველა ამ მიმართულებით საქართველო მართლაც განსაკუთრებულად გამორჩეულია“, – ამბობს თემურ შაშიაშვილი.

მისი აზრით, „დიდი ანალიზის გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყნის შესაძლებლობები რამდენჯერმე აღემატება დღევანდელი პრეზიდენტისა და დღევანდელი ხელისუფლების შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ დღეს ქვეყანას სჭირდება სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკური ძალა (პოლიტიკურ ძალთა ერთობა), რომელიც შეძლებს ქვეყნის უდიდესი პოტენციალის მოქმედებაში მოყვანას. აშკარაა, რომ „მოქკავშირ“-„აღორძინების“ იდეოლოგიური მემკვიდრე ამჟამინდელი ხელისუფლება უკვე ქვეყნის წარსულია და ამუხრუჭებს მის განვითარებას“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „დღეს უკვე მეტი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, რომელიც შორს არის თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი, პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესებისაგან... ქვეყანას ჰყავს  პრეზიდენტი, რომელიც სინგაპურზე და კომპიუტერზე საუბრით, შორტების ჩაცმით და სკუტერზე დგომით ცდილობს საკუთარი პერსონის თანამედროვედ წარმოდგენას,  და ამაში ეფექტურად ეხმარებიან დასავლეთში სახელმწიფო სახსრებით რამდენიმე მილიონად  დაქირავებული ფიარის ჯგუფები.

ის მყარად  ეკუთვნის წარსულს აზროვნებით, მენტალიტეტით, მმართველობის სტილით…

პრეზიდენტი, რომელიც ვერ იტანს მოაზროვნეს, განსხვავებული პოზიციის ადამიანს, ფეოდალიზმის ეპოქის პატრონყმური დამოკიდებულების დამკვიდრებით ირგვლივ იკრებს მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს და ამ გარემოში უადვილდება პირველობა, უკვე ანაქრონიზმია დღევანდელი მსოფლიოსათვის“.

თემურ შაშიაშვილი ბოლოს დასძენს: „დადგა დრო, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ „ნაცმოძრაობის“ მარწუხებიდან და ახალი პოლიტიკური ფილოსოფიის ქვაკუთხედზე დავამკვიდროთ მრავალწახნაგოვანი, მაგრამ მყარი ერთობა სამშობლოს ბედზე დაფიქრებული  პარტიების, პოლიტიკოსების, მეცნიერების, სპეციალისტებისა და, უბრალოდ, საქართველოს პატიოსანი მოქალაქეებისა.

საქვეყნო კაცი და პოლიტიკოსი არის არა ის, ვინც საკუთარ თავს ხედავს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, არამედ ის, ვინც იღწვის, ხელისუფლებაში ღირსეულ ადამიანთა მოყვანის გზით ქვეყანა გაათავისუფლოს დღევანდელი უღირსი ხელისუფლების დიქტატისაგან.

ჩვენ მზად ვართ, ღირსეული პოლიტიკური პარტნიორობა გავუწიოთ ყველა ძალას, მიუხედავად მათი მსოფლმხედველობისა და ჩვენი განწყობისა მათი პოლიტიკური შეხედულებების მიმართ, რომელიც მზად არის უკომპრომისოდ ებრძოლოს არსებულ ხელისუფლებას და განახორციელოს რადიკალური ქმედებები „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური მეთოდებით დასამარცხებლად“.