ქუთაისი, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, გაფიცვის მიზეზი საწარმოში არსებული მძიმე შრომითი პირობები და თანამშრომლების პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლებაა. სრულმასშტაბიანი გაფიცვა თანამშრომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.
„პროფკავშირები კომპანია „ევრაზიანსთილსის“ ქარხანა „ჰერკულესის“ ადმინისტრაციას სამ დღეს აძლევს და თუ ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაცია პროფკავშირებთან მოლაპარაკებების გამართვასა და შეთანხმების დადებას არ დათანხმდება, „ჰერკულესში“ სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება“, – განმარტავენ პროფკავშირების გაერთიანებაში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი დღეს ქუთაისში ჩავა და „ჰერკულესის“ კოლექტივს შეხვდება, რის შემდეგაც ქარხანასთან პრესკონფერენციასაც გამართავს.
ცნობისთვის: კომპანია „ევრაზიანსთილსი“ ქართულ-ინდური ერთობლივი საწარმოა.