საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. მთავრობამ დაასრულა „საქართველოს რკინიგზის“ მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტი - ეს არის ქვეყნის მიერ გაკეთებული მკაფიო პოლიტიკური და სტრატეგიული არჩევანი საკუთარი მომავლისა და ეკონომიკური სიძლიერის უზრუნველსაყოფად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ ქვიშხეთში, პროექტის დასრულების საზეიმო ცერემონიაზე.
„საქართველოს რკინიგზა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ძირითადი კომპონენტი და ევროპის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტი.
„საქართველოს რკინიგზის“ მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული განახლება. ეს არის მკაფიო პოლიტიკური და სტრატეგიული არჩევანი, რომელიც საქართველომ გააკეთა საკუთარი მომავლის, ეკონომიკური სიძლიერისა და გლობალურ პროცესებში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ხიდები და გვირაბები, 100-ზე მეტი საინჟინრო ნაგებობა, დაიგო დაახლოებით 100 კილომეტრი ახალი ლიანდაგი და დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემები.