აქტუალური
იაპონიის მთავრობა კვლავ გვეხმარება

japan-flag1თბილისი, 8 სექტემბერი, საქინფორმი. იაპონიის საელჩოს პრესსამსახურის მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილი კორესპონდენციის თანახმად, საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში შედგა იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის“ ფარგლებში დაფინანსებული საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში სოფლის მეურნეობის პროდუქციის შენახვისა და დაფასოების ცენტრის დაფუძნების პროექტის გახსნის ცერემონია. ცერემონიას დაესწრნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი მასაიოში კამოჰარა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

როგორც გზავნილშია ნათქვამი, იაპონელები, მიუხედავად მარტის ტრაგედიისა, კვლავ ეხმარებიან ქართველ ხალხს.

ზემოხსენებული პროექტის საგრანტო კონტრაქტს ხელი იაპონიის საელჩოსა და აგროტექნოლოგიური ასოციაციის წარმომადგენელთა მიერ 2010 წლის 15 სექტემბერს მოეწერა. პროექტის ძირითადი მიზანი სოფელ თოხლიაურში შემოსავლების გაზრდაა დაარსებული შემნახველ-დამფასოებელი ცენტრის მეშვეობით. 4 000-მდე ადამიანი პირადად ისარგებლებს ამ პროექტით, რომლის ღირებულებაც 84 392 აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, 1998 წლიდან საქართველოში GGP-ს 106 პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულება 8,631,344 აშშ დოლარია. სულ იაპონიის ოფიციალური განვთარების დახმარებამ საქართველოსთვის 362 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის სექტორი, სოციალური სექტორი, კულტურული სფერო და ადამიანური რესურსების განვითარება.