პუბლიკაციები
გოგა ხაინდრავა: „პათოლოგიურმა ავადმყოფობამ და კოკაინმა მიიყვანა სააკაშვილი შიზოფრენიამდე“

xaindravaსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია ცნობილი ქართველი კინოდოკუმენტალისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში (2004-2006 წწ.), 2007 წლიდან რადიკალური ოპოზიციონერი გოგა ხაინდრავა.

ბატონო გოგა, თქვენ აცხადებთ, რომ პოლიტიკოსი არ ხართ. თუმცა დღეს ყველა, ვისაც ეს ქვეყანა ადარდებს, პოლიტიკაში ჩართული გამოდის.  თქვენ ხელისუფლებაშიც არაერთხელ ყოფილხართ... აფხაზეთის დროს იქ იყავით,  შევარდნაძის დროსაც იყავით, „ვარდების რევოლუციის“ დროსაც ავანგარდში გხედავდით. შესაძლებელია  თუ არა, გოგა ხაინდრავა  ახლა კვლავ ვიხილოთ ხელისუფლების შემცვლელთა ავანგარდში?

– თავი და თავი, ის, რაც მიმდინარეობს, არის პოლიტიკური აფსურდი. არანაირი პოლიტიკა ამ ქვეყანაში არ არის. გადარჩენისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს. ამიტომ საზოგადოების მეტ-ნაკლებად აქტიური წევრები ძალაუნებურად ამ პროცესში ვმონაწილეობთ –   რიგითი მათხოვრით დაწყებული, დამთავრებული იმ ადამიანებით, ვინც ახლა შავი „ჯიპებით“ დასრიალებს. რაც მთავარია, საზოგადოების ძალიან პატარა ნაწილს ესმის, რომ ქვეყანა უფსკრულის პირას კი არა, უკვე უფსკრულშია. ცოტაა ისეთიც,  ვისაც შეგნებული აქვს, რომ თუნდაც საკუთარი თავგანწირვის ფასად იქნებ მომავალი მაინც გადაარჩინოს. ამან განაპირობა საზოგადოების  ასეთი პოლარიზაციაც, სადაც არის ორი მხარე და ჩემთვის ყველაზე მიუღებელი მესამე მხარე – ისინი, ვინც ყველაფერ ამას შორიდან უცქერენ.

ხშირად მესმის, განსაკუთრებით, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისგან, რომ ისინი პოლიტიკაში არ ერევიან. არადა, ეს პოლიტიკა ერევა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში – ანგრევს და ანადგურებს მას, რაც მთავარია, ქვეყანაში, სადაც არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, ხელისუფლების სათავეში მკვლელები არიან როგორც პოლიტიკური შედეგების, ისე კონკრეტული ადამიანების მკვლელების თვალსაზრისითაც, როცა ასეთი ხალხი ხელისუფლებაში ან შინ ზის და პროცესების  შორიდან უცქერს, არ მესმის... ამ პირობებში რაიმე ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაზე ლაპარაკი სასაცილო და უადგილოა. სხვა საქმეა, რომ არის  ჯგუფები, ვინც ამით  საკუთარი კეთილდღეობის შექმნას ან – კიდევ უარესი – თავის შემონახვას უკეთესი დროისთვის ცდილობს. ეს დრო კი არაფრით არ დადგება, თუ ამის საერთო ძალისხმევა არ იქნება.

– არის ადამიანთა კატეგორია, რომელთაც ადრე ცნობილი – დღეს „ცნობადი“ – ერქვა და რომელთაც მუდმივად „პოლიტიკურ ჰორიზონტზე“ ვხედავთ. მაგალითისთვის, იგივე გაბაშვილები, რომელთაგან უფროსს პატივსაც ვცემდი. შესაძლებელია, მუდმივად იყო ერთ ხელისუფლებაშიც, მეორეშიც, მესამეშიც და ყოველთვის „კარგი ბიჭის“ სახელი გერქვას? ასეთები ძალიან მომრავლდნენ.  ერთს ამხობ, მეორეში გადადიხარ... მეორეს დაამხობ – მესამეში გადახვალ და ა.შ.  ეს ხელისუფლებები იდეოლოგურად ხომ მაინც განსხვავდებიან, რისთვისაც ამხობ და ებრძვი?

– ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტრადიციულად ჩამოყალიბებული კონფორმისტების წრეა. მათი საწყისი პირსისხლიანია და  რუსეთის იმპერიიდან იღებს სათავეს. კომფორმისტთა ასეთი წრე საქართველო არცერთ დროს არ აკლდა. ასეთები ყველა იმპერიაში არსებობდნენ. ალბათ, ამიტომაც არის მისი ისტორია ტრაგიზმით სავსე. ე.წ ცნობადი სახე საქართველოში ყოველთვის დიდი რაოდენობით მოიძებნებოდა. ისინი, ვინც მზად იყო, გამორჩენის მიზნით  ნებისმიერ სამსახურში ნებისმიერ დამპყრობთან ჩამდგარიყო. დღესაც იგივეა, თუმცა უბედურება ისაა, რომ დღეს ეს კონფორმიზმი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში გადადის. დღევანდელი „ცნობადები“ კონფორმისტებიდან პირდაპირ კრიმინალებად გადაიქცნენ. მათი მხარდაჭერის შედეგები შეიძლება სახელმწიფო დანაშაულის რანგში იქნეს აყვანილი. ადრე თუ გვიან იმის დროც აუცილელად მოვა და მორალური იქნება, თუ იურიდიულ სამსჯავროზე ყველა წარდგება. ვერც შენ მიერ ხსენებული ოჯახი ასცდება ამას, ვინაიდან მამაც და შვილიც იმ სისხლიანი დრამის პირდაპირი  თანამონაწილენი არიან, რაც დღეს საქართველოში მძვინვარებს. ეს მარტო გაბაშვილებს არ ეხებათ.

ნებისმიერი სხვა პირი, ვინც ამ ხელისუფლების მეხოტბე, მხარდამჭერი და იმ დანაშაულებების თანამონაწილეა, პასუხისმგებლობას ვერ ასცდება. კომფორმისტობა ჩვენი საზოგადოების უმძიმესი სენია. აქ  ორ კატეგორიას ვხვდებით. გარკვეულწილად, ეს პრეტენზია ჩემი მისამართითაც შეიძლება გამოითქვას, რადგან შევარდნაძის მთავრობის წევრიც ვიყავი და სააკაშვილისაც. საქმე ის კი არაა, სად ხარ; საქმე ისაა – რას აკეთებ!

– ბატონო გოგა, იმ დროს, როცა სააკაშვილთან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყავით კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში და ერგნეთის თემა წამოიწია ოქრუაშვილის მეთაურობით, თითქოს კონტრაბანდისა და უაქციზობის გამო დახურეს ბაზრობა... ასეთი რა შემოდიოდა  ერგნეთიდან – ფქვილი და რაღაც წვრილმანი... სინამდვილეში მხოლოდ ოსებთან  დალაგებული ურთიერთობები აირია და კონტრაბანდამ ოქრუაშვილის ოჯახის ხელში  გადაინაცვლა...

– ეს დანაშაულებრივი ქმედება იყო და ამის წინააღმდეგი მეც ვიყავი. საპირისპირო ფრთად ე.წ. ჟვანიას გუნდი მოიაზრებოდა. ამ დროს, ვინც ჟვანიას გუნდის წევრად მოიხსენიება – იგივე ბარამიძე, მაჭავარიანი, ნოღაიდელი, გოგორიშვილი, აღმოჩნდა, რომ მისი გუნდისანი სრულებითაც არ ყოფილან. რევოლუციის პირველივე დღეებიდან, ახალი მთავრობის შექმნისთანავე, ისინი სააკაშვილთან გადაბარგდნენ. ბარამიძის შემთხვევა ამის მკაფიო მაგალითია. ოქრუაშვილის მხრიდან ბარამიძის დაპატიმრების მცდელობაც კი იყო. ჩემთან დამოკიდებულებაშიც, როდესაც მთავრობის სხდომაზე რაღაც შელაპარაკება მოგვივიდა, იგივე გაცხადდა. ოქრუაშვილმა  ინტერვიუშიც განაცხადა – კონფლიქტურ რეგიონთან დაკავშირებით რაღაცებისთვის  ხაინდრავა შეიძლება დავაპატიმროთო. საბოლოო ჯამში სახელმწიფო დანაშაულში მხილებული ვინ აღმოჩნდება, ამას დრო გვაჩვენებს.

პროპაგანდისა და დაპირისპირების ეს პოლიტიკური გეზის უმძიმესი შედეგები, რასაც ვიმკით, დაკარგული, გახლეჩილი ტერიტორიები და რუკიდან წაშლილი სახელმწიფოა... სათავეს იქ იღებს. ოღონდ თავიდანვე იმის გააზრება, რომ ეს მხოლოდ უგუნურება, გაუაზრებელი ახალგაზრდობისა და ამპარტავნობის მიზეზი რომ არ იყო, გვიან მოხდა. ეს აშშ-ის მიზანმიმართული და  გააზრებული პოლიტიკაა, რომლის უკან კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები და ექსპანსიონისტური პოლიტიკა  მოიაზრებოდა. შესანიშნავად იქნა გამოყენებული „საქართველოს ეფექტი“, რაც, ფაქტობრივად,  სახელმწიფოებრივად დანაშაულებრივ პოლიტიკაში რუსეთთან აშკარა აღვირახსნილი დაპირისპირების ფონზე ვაშინგტონიდან წარიმართა.

საწყის ეტაპზე, ამის განჭვრეტა და გაშიფვრა წარმოუდგენელი იყო. თავიდანვე „ცხვრის ტყავში ოსტატურად გახვეული მგლის“  განჭვრეტა ძნელია. როდესაც ერთს ამბობენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ – ამის შედეგის დანახვას დრო უნდა. კონფლიქტების მოგვარებად გამოცხადებული სახელმწიფო პრიორიტეტის სათავეში  მე ვიდექი. სინამდვილეში სრულებით საპირისპირო კეთდებოდა. ყველაზე დაბალი დაფინანსება და დაბალი შტატი  ჩემს სამინისტროს ჰქონდა.

საერთაშორისო არენაზე „მაღალი ტრიბუნებიდან“ (გაეროსა და ეუთოში სააკაშვილის ცნობილი გამოსვლები) გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის ტორპედირება ქვეყნის შიგნით ყველა მხრიდან ხდებოდა. გარეთ სულ სხვა რამ ცხადდებოდა, შიდა პოლიტიკაში კი უკუპროცესი მიდინარეობდა. ერთის ლაპარაკი და მეორეს კეთება – ესეც ხომ სააკაშვილის სტილია. დღეს კი  მისი ავადმყოფობის პათოლოგიურმა ზღვარმა, კოკაინის აქტიურ მოხმარებასთან ერთად, „გონებრივი ნარჩენები იმდენად შეუბრუნა“, რომ უკვე ვეღარც თავის გამოთქმებს და ვეღარც მოქმედებებს აკონტროლებს. ანაკლიაში მისი უკანასკნელი გამოსვლა შიზოფრენიის ყველაზე ნათელი და მკაფიო მაგალითი იყო. ამ ადამიანმა საკუთარ თავზე უკვე ყველანაირი კონტროლი დაკარგა. მის გარშემო შეკრებილი კრიმინალები კი ამას საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ. სავალალოდ, საზოგადოების ერთი ნაწილი ამ ყველაფერს  ხელს უწყობს; მეორე ნაწილი კი ნების, ღირსების თუ ლაჩრობის გამო ეგუება.

– იდეოლოგია ვახსენეთ. როგორც იკვეთება, დღევანდელი სახელმწიფო იდეოლოგია ტურიზმი და მასთან არსებული საერთაშორისო ნარკო და სექსტურიზმის განვითრებაა, რითაც ჩამოსულმა უცხოელებმა თავი უნდა შეიქციონ...

როდესაც სახელმწიფო არ არსებობს, მას არც იდეოლოგია გააჩნია. საქართველო არსებობს როგორც ტერიტორია, სტრატეგიული კვანძი, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც კრიმინალური ქმედებებით უზურპირებულ ხელისუფლებას ინარჩუნებენ. ეს ხელს აძლევს ორივე იმპერიას – როგორც შტატებს, ისე რუსეთს. საქართველო მათი დაპირისპირების პოლიგონად გადაიქცა და ამ დაპირისპირებაში რუსეთის წარმატებები სულ უფრო იკვეთება. საქართველო მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ რომაა, ვფიქრობ, რეალურად ძალიან მალე  გაცხადდება. ამას ვეღარც ამერიკელები მალავენ. საქართველოზე შემორტყმული „საინფორმაციო კედლის“ მოწმენი 2007 წლის ნოემბერში, განსაკუთრებით კი, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დრო გავხდით. ამერიკის ექსპანსიონისტური პოლიტიკის შედეგით,  საქართველოს შესახებ სიმართლე საზღვარგარეთ ან არ გადის, ან იბლოკება. მინისტრობისას დენ ფრიდთან ღიად მისაუბრია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში თავმოყრილი კრიმინალები, ჩვენი სახელმწიფოს ზიანის გარდა, პირველ რიგში, ამერიკის პოლიტიკურ იმიჯს აზიანებენ. ამ გულახდილი საუბრების შედეგად მე მომხსნეს, მკვლელები კი მინისტრებად დანიშნეს. ამერიკელებთან მიმართებაში ჩემში მომხდარი ევოლუცია დროისა და საქართველოში მათი კონკრეტული ნამოქმედარის შედეგია. 2003 წლისთვის „საქართველოს მსგავსი პროამერიკული ქვეყანა“, ალბათ, მსოფლიოში არ მოიძებნებოდა. დღეს ამის  საპირისპირო შედეგს  ვხედავთ. წნეხის, შიშის ატმოსფეროს გარეშე, ხალხს აზრის გამოთქმის უფლებას თუ მივცემთ, 15-20%-ზე მეტი, ვფიქრობ, აშშ-ის მხარდამჭერი არ იქნება.

– ეს ყველაფერი ჩვენს ფასეულობებზე, ცნობიერებაზე, რელიგიაზე  იმ იდეოლოგიურმა ზეწოლამაც ხომ არ გამოიწვია, რაც ქართველისთვის ასე მიუღებელია. რუსული კულტურა, ცნობიერება, საერთო რელიგია ქართველისთვის  ბევრად ახლოს რომ არის, ხალხი ამას  „სამზარეულოებში საუბრისას“ ხომ არც მალავს?

–  რა თქმა უნდა. ამას ზეწოლა კი არა, ნგრევა ჰქვია. რუსული კულტურა ქართველისთვის ისეთივე დონეზეა მისაღები, როგორც სხვა ეროვნების ადამიანისთვის. რუსული კულტურის თვითმყოფადობის ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ რურუასა და დარჩიაშვილს შეუძლიათ. რუსული  კულტურის ფასულობის  საკითხი მსოფლიოსთვის ეჭვგარეშე დგას. დღევანდელი ქართველი  საზოგადოებისთვის საყოფაცხოვრებო დონეზეც და ისეც, რა თქმა უნდა, რუსული კულტურა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკული. არ მგონია, დადგეს ჟამი, რომ, თუნდაც, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ამერიკელებთან ურთიერთობა ქართველებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდეს, ვიდრე რუსებთან. გვინდა, მოგვწონს ეს თუ არა, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ვაღიაროთ, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე ყოველთვის იმდენად დიდი იყო, არის და იქნება, რომ ამას ვერსად გავექცევით. ამერიკაც საქართველოში რუსეთს ვერასდროს ჩაანაცვლებს, ისევე, როგორც ინგლისური – რუსულს.

რა თქმა უნდა, შვილებისთვის რუსული კულტურის გაცნობის ყველანაირი დაბრკოლების შექმნა შეგვიძლია, მაგრამ თავად რუსულ გავლენას მაინც ვერასდროს ვერსად გავექცევით. ძალიან ბოროტი, უგუნური, შენი სახელმწიფოს მტერი უნდა იყო, რომ რეგიონს, სადაც რეალურად რუსული – ერთადერთი საკონტაქტო ენა, რითაც სხვა ეროვნებებს ერთმანეთთან საუბარი შეუძლიათ, მოუსპო... ვგულისხმობ შუა აზიას, ჩრდილო კავკასიას, სომხეთს, აზერბაიჯანს, საერთოდ, ჩვენს გარემოცვას. მათთან ჩვენი სალაპარაკო ენა რეალურად რუსულია. ჩვენი და ყაზახების ინგლისურენოვან ურთიერთობას ჩემი შვილთაშვილი  თუ მოესწრება, რადგან იმ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც აშშ ატარებს, სადაც საუბრობენ, ინგლისურად საუბარი მალე იქაც აღარ მოუნდებათ.

ამერიკამ გამოავლინა, რომ „დემოკრატიას ამოფარებული მგელია“, რომელიც თავის გარშემო „ცოცხალს არაფერს ტოვებს“, ყველაფერს თავის მუცელსა და ინტერესებს უქვემდებარებს. ეს კი უკვე იმდენად აშკარაა, რომ, ვფიქრობ, ეჭვს აღარავისში იწვევს. ამიტომ რამდენიც უნდა ილაპარაკოს დარჩიაშვილმა, რუსეთთან ისტორიულ-პოლიტიკურად  ჩამოყალიბებულ გავლენებსა და რეალიებს ვერსად გავექცევით. მაამებლები, „ფეხის მლოკველები“ და მედროვეები კი ნებისმიერ ხელისუფლებას ჰყავდა. უბრალოდ, ასეთი ამაზრზენები, როგორებიც დღეს არიან, აქამდე არ ყოფილან.

– ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა დაინახა, რომ  რუსეთთან, თუნდაც ტერიტორიული ინტერესის გამო, ურთიერთობა აუცილებელია, მაგრამ ხალხს აღარ სურს და არ სჯერა ძველი პოლიტიკური სახეების... რადგან  იგივე სახეები, ლამის მთელი პოლიტიკური სპექტრი, რევოლუციით მოსულნი,  გაჰყვიროდნენ – „რა ცუდია რუსეთი და გაუმარჯოს ამერიკასა და ნატოს...“ ამერიკული პოლიტიკის გატარებამ კი დააქცია საქართველო...  ასე არ იყო?

– არა, ჯერ ერთი, ყველა ამას არ ყვიროდა. ცუდი რუსეთი კი არა,  ცუდი მისი პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნისადმი მისი ხელისუფლების დამოკიდებულებაა.

– ქვეყნისთვის ასე რადიკალურად დროის ასე მოკლე მონაკვეთში კურსის  ცვლილება რამდენად სასიკეთოა? ხვალ სხვამ შეიძლება ისევ ახალი პოლიტიკური კურსი აიღოს. ახლა ძალიან ძნელი არ იქნება იმ ურთიერთობებისა და ძველი დამოკიდებულებების დაბრუნება, რაც საქართველოსა და რუსეთს ისტორიულად ჰქონდათ?

ჩვენ რუსეთთან იმ ურთიერთობების აღდგენა არ გვჭირდება, რომელიც საქართველოს ადრე ჰქონდა. ჩვენ ნორმალური, ახალი ურთიერთობების აღდგენა-განვითარება გვჭირდება.

– ადამიანურ, კულტურულ, ნათესაურ და რელიგიურ ურთიერთობებს ვგულისხმობ...

– ადამიანური ურთიერთობები რუსეთთან რეალურად ბოლოს როდის გვქონდა, აღარც მახსოვს, რადგან ბოლო სამი საუკუნეა, საქართველოსთან ურთიერთობებს რუსეთი მისი ოკუპაციით იწყებს. 1801 წელს  საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმდა და ორ გუბერნიად დაიყო; 1921 წელს რუსეთის ჯარი შემოვიდა და როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მოსპო; 2008 წელს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონიდან, ფაქტობრივად, საქართველოს მესამე ექსპანსია მოხდა. ამიტომ აქ ორმხრივი მოძრაობაა საჭირო. ადამიანური და  ადამიანურ დონეზე ურთიერთობები სულ სხვა თემაა და იმის პარალელურად მიდის, როგორ ეწყობა ქართულ-რუსული ურთიერთობები პოლიტიკაში... მიდის აგვისტოს აგრესიის მიუხედავად.

რუსეთის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოებასა და ხალხში არ შეცვლილა. ქართული ხელისუფლების ე.წ „მყვირალა, მყეფარე და მწივანა რუპორები“ ამას ვერანაირად ვერ შეცვლიან. მე რუსულ ტანკებზე გაშლილი სუფრებისა და „პატარა ვანიასთან“ ერთად „ვოდკის“  სმის მომსწრე ვარ... ამას საქართველოში იმდენად ღრმა ფესვები აქვს,  უკვე ვერაფერი შეცვლის. ყველა გონიერ ადამიანს  ესმის, რომ ჩვენ არა მარტო ჰაერივით გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობები, ჩვენ უკვე იძულებულნიც ვართ, ეს ურთიერთობები აღვადგინოთ, თუმცა ამ კუთხით უკვე ძალიან წამგებიან, ცუდ სასტარტო მდგომარეობაში ვიმყოფებით. პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ვაჭრობის საგნად აღარაფერი გაგვაჩნია. პოლიტიკური ვაჭრობა კი მსოფლიო პოლიტიკაა.

– ბატონო გოგა, 1801 წელი ახსენეთ. დღეს უკვე ძალიან აქტუალური გახდა „კონსტიტუციურ მონარქიაზე“  საუბრები. ბევრი  ამას დადებითად უყურებს.  რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ და  თვლით ამას სწორ ნაბიჯად?

– აბსოლუტურად მისაღებად ვთვლი. მე მონარქისტი ვარ. ეს არის აბსოლუტურად ქართული ტრადიცია და მიმაჩნია, რომ თუ საქართველოს მართლმადიდებლური ქვეყნისა და მართლმადიდებლობის პრეტენზია აქვს,  ეს ქართული სახელმწიფო ტრადიციული ფორმა სავსებით მისაღები იქნება ყველა ჩვენგანისთვის. არანაირ სხვა ფორმაში ქართულ სახელმწიფოს წარმატებისთვის არ მიუღწევია. ეს არის ღვთითბოძებული კანონზომიერება. ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოში ეს ამპარტავნება და  ძალაუფლების უსაზღვრო სიყვარული დათრგუნოს, არის კონსტიტუციური მონარქია. 1801 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა მმართველს თავისი მმართველობა სამეფო მმართველობის ზღვარზე აჰყავდა. შინაგანად ყველა „მეფუკები“ იყვნენ. თავის თავს ყველა ასე აღიქვამდა და მათი გარემოცვაც ამ პირთა „მეფობის“ გარემოს და მათ გარშემო უკიდეგანო ძალაუფლებას თავად ქმნიდა.

– კონსტიტუციური მონარქის მოდელი უკიდეგანო ძალაუფლებას სწორედაც რომ არ გულისხმობს. „მეფე მეფობს და არ მართავს“. ის ქვეყნის ისეთივე სიმბოლოა, როგორც გერბი და დროშა. საუბარი ქვეყნის მმართველობის ისტორიულ და გენეტიკურად მისაღებ ფორმაზეა. ეს ლიდერომანიაც  ქართველის მეფე-გმირის მოთხოვნილების ქვეცნობიერმა გამოვლინებამ არ წარმოშვა?

– ეს არჩევნების შედეგებითაც ჩანს. სამივე პიროვნება, აქამდე არსებული სამივე პრეზიდენტი, ვინც საქართველოში იქნა არჩეული, არჩეულია არა პრეზიდენტად, არამედ მონარქად. ჩვენ თავადვე ვაძლევთ ამის უფლებას. როცა მოსახლეობის 90 თუ  91% ერთ პიროვნებას ირჩევს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ პიროვნებათა აზროვნება არის მონარქისტული. ის ერთ ადამიანს აძლევს მთელ ძალაუფლებას და მერე მისგან ითხოვს ყველაფერს. ამიტომაც არის ასე თავგასული ეს შიზოფრენიკი, რომ ის გრძნობს ამას საზოგადოებისგან. იმიტომ არის ის რეჟისორიც, ზოოლოგიც, ბიოლოგიც, ტრაქტორისტიც, მღებავიც, ნარკოლოგიც, „სოფლის მეურნეოლოგიც“ და ყველაფერი. ამას ის, პირველ რიგში, თავის გარემოცვისგან ხედავს, რომელიც მას აღმერთებს და მერე კი მისი „მონა“ და კონფორმისტი ადამიანებისგან. ეს არის კერპთაყვანისმცემლობა. სამწუხაროდ, ქართველებმა კერპთაყვანისცემას მივყავით ხელი.

სააკაშვილსა და მის გარემოცვასთან საუბარი დიდი ხანია, დავამთავრე. საუბარი ახლა მხოლოდ საზოგადოებაზეა, თუ ქართული ღირსების, თავმოყვარეობის, სამოქალაქო საზოგადოების რაიმე ნიშანწყალი კიდევ დარჩა. თუ ეს დარჩა, ჩვენ გვაქვს ბოლო შანსი ამა თუ იმ სახით, სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ, რადგან ძალიან მალე – 2012 წელს,  ამერიკასა და რუსეთს შორის ქვეყნის ახალი გადანაწილება მოხდება. ეს  უკვე მიმდინარეობს.   რუსეთი საქართველოს რაც შეიძლება იაფად შესყიდვას ლამობს. ამერიკელები კი, სააკაშვილის მხარდაჭერითა და მისი გაძლიერებით, საქართველოს ტერიტორიის რუსეთისთვის უფრო ძვირად მიყიდვას ცდილობენ. თორემ  იმაზე, რომ რეალურად დღეს რუსეთი აკონტროლებს საქართველოს, საუბარიც არ არის.

ამერიკის რეალური გავლენა ავლაბრის რეზიდენციის იქით არ ვრცელდება. ამ რეზიდენციაშიც აშშ-ის პოლიტიკის გამტარებლად მოაზრებული ბევრი ფიგურა რეალურად საქართველოში პრორუსული პოლიტიკის გამტარებელია. სააკაშვილის უახლოესი გარემოცვა კი,  პრაქტიკულად, მთლიანად პრორუსულია.

– ურთიერთობების დასაწყებად რუსეთთთან ცუდ სასტარტო პოზიციაში ვიმყოფებითო. ამ ვითარებაში ვერ ავცდებით ამ თემას – რამდენად წაადგება „ამ სტარტს“ რობერტ სტურუასთან მიმართებაში ჩადენილი პოლიტიკური და გაუაზრებელი სიბრიყვე?

– ადრე ამას ასე არ აღვიქვამდი. ვთვლიდი, რომ რობიკო არის ძლიერი, შემოქმედებით აღსავსე რეჟისორი. დღეს, როგორც არასდროს, ისე გაცხადდა, რომ რობიკო ამ ყველაფერთან ერთად გენიოსიც არის.  მან რეალურად შეძლო ის, რაც მთელმა ქართველმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა  ვერ მოახერხა. ქვეყანაში ვიათარება 180 გრადუსით შეატრიალა. ისეთი ვითარება შექმნა და  მოვლენები იმგვარად დააჩქარა, როდესაც „კვანძის გახსნა“ გარდაუვალია. ამ ხელისუფლებას ისეთი შეცდომების დაეშვება აიძულა, რომელმაც რობიკოს სახელი მათ თავზე, ფაქტობრივად, დამოკლეს მახვილივით დაკიდა. ეს კი მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ. მარტო ერთმა რობიკომ  მოახერხა, მთელი საზოგადოება და პოლიტიკა მის მიერ  წინასწარ განსაზღვრული ფინალის სპექტაკლში ჩაერთო. ეს ფინალი კი სააკაშვილის ხელისუფლების სრული მორალურ-პოლიტიკური კრახია.  რობიკომ, როგორც აქამდე არავინ,  გააშიშვლა ეს ხელისუფლება.

– ეთნიკურ უმცირესობას გადაშენების პირას მყოფი ეთნოსი არ წარმოადგენს? რურუას მიხედვით, მილიარდიანი ჩინელიც უმცირესობა გამოდის. ხელისუფლების პოლიტიკით, ერთნიკური, რელიგიური და სექსუალური გადაშენების პირას დღეს, მგონი, ქართველები უფრო ვდგავართ...

– 500 000 აზერბაიჯანებლი და 400 000 სომეხი ეთნიკურ უმცირესობად როგორ უნდა ჩაითვალოს? ამათგან ასეთმა ბრალდებებმაც საქართველოში ფასი დაკარგა, როცა  ბრალმდებელი თავადაა მკვლელი და დამნაშავე. რურუა, სააკაშვილი და „ბარამბოს რედაქტორი“ რასაც ლაპარაკობენ, მნიშვნელოვანი არავისთვისაა. სოციალურ ქსელებსა და „აკვარიუმში“ მათი არსებობა მხოლო სააკაშვილისადმი მათ ყურმოჭრილ მონობაზე მიუთითებს. ჩერგოლეიშვილის აზრიც, ვფიქრობ, არათუ საზოგადეობას, მის ქმარსაც არ აინტერესებს. გიგა ბოკერიას თავადაც  ესმის, რა კატასტროფის წინაშეა თვითონაც, მისი იდეოლოგიაც და ის სახელმწიფოც, რის შექმნასაც ესენი ფიქრობდნენ.

– ამბობენ იმასაც, ბოკერია პოლიტიკაში ახალი ფორმით „გადალაბორანტებას“ ფიქრობსო...

– ბოკერიამ პოლიტიკაში ყოფნის შანსი მაშინ დაკარგა, როცა მისი არასამთავრობო ორგანიზაცია – სამოქალაქო სექტორი, ამ ქვეყანაში პირსისხლიან დამნაშავედ გადაიქცა.

– დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიდან  ვინ გეგულებათ, ვისაც საზოგადოება ისევ გაჰყვება. საზოგადოებას, ჩემი ჩათვლით, მობეზრდა ამ ერთი და იმავე მატყუარა და ანტიქართველი პოლიტიკოსების ცქერა...

– პოლიტიკურ სპექტრში – არც არავინ. საზოგადოებამ, ვისაც კიდევ შერჩა ღირსება და სამშობლოს სიყვარული, თავად უნდა გამონახოს ამის ძალა და რესურსი. საქართველოს ბედი დღეს პოლიტიკურად არ წყდება. ამის დასტური რობიკოს ირგვლივ დაწყებული სკანდალიცაა. პოლიტიკური წესები, პრაქტიკულად, საქართველოში არ არსებობს და ეს ვითარებაც არშემდგარი სახელმწიფოების ვითარებისგან არაფრით გამოირჩევა. (არაბული სამყაროს  რევოლუციებს გულისხმობს. – ბ.ა.).

– იქაც – ნავთობის გამო, ამერიკის კვალზე საუბრობენ...

–კვალი კი არა, იქ პირდაპირ „დიდი ურო“ ჩანს. იქ არაპოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ განაპირობეს მოვლენების განვითარება. აქაც ასე უნდა მოხდეს. პოლიტიკური თვალსაზრისით, იქაც, ჩვენ მსგავსად, აფსურდი იყო და პოლიტიკოსებიც პოლიტიკოსობას თამაშობდნენ.

– საზოგადოებას  ხელისუფლება მუდმივად 91-92 წლის მოვლენების განვითარებით აშინებს.  მსგავსის განმეორებაც მართლა აღარავის უნდა...

– რაც მოხდა, მაშინაც იმიტომ მოხდა, რომ პოლიტიკოსები იქაც არ იყვნენ. არც მაშინ იყვნენ და დღესაც არ არიან. არსებობენ პიროვნებები, რომლებიც ამას იჩემებენ და ვერ ახორციელებენ. ნაციონალებმა იღვაწეს იმისთვის, რომ პოლიტიკური ასპარეზის სრული დისკრედიტაცია მოეხდინათ. ამიტომ საფრთხე იქიდან შეიძლება მიიღონ, საიდანაც საერთოდ არ ელიან – გამძვინვარებულ საზოგადოებასთან პირისპირ დარჩნენ. დღევანდელი სიტუაცია გაყინულ მდინარეს ჰგავს, რომლის ქვეშ მიმდინარე წყალი, როცა დრო მოვა, ამოხეთქავს და თან წაიყოლებს ამათ. როცა საკუთარი დამსახურებითა და  ავტორიტეტით პროცესების მმართველი ჯგუფები და პიროვნებები არ არსებობენ, მივიღებთ  91-92 წლების  სისხლიან შეტაკებას. იქაც, ცალკეული პიროვნების გარდა, პოლიტიკოსები არ იყვნენ. იყვნენ ყაჩაღები, კრიმინალები, კონფორმისტები... პოლიტიკოსები არ ყოფილან...

– პოლიტიკური ასპარეზის დისკრედიტაციას მხოლოდ ნაციონალებს ნუ დავაბრალებთ. ოპოზიციამაც, ნებით თუ უნებლიეთ, ბევრი შესცოდა. დღეს რომელიმე პარტია და პოლიტიკოსი კი არა, სამშობლო და იდენტობა გვაქვს გადასარჩენი. ყველა, ვისაც საქართველო  მართლა გვიყვარს, „ამისისტებისა და იმისისტების“ გარეშე, ერთად უნდა დადგეს...

– თუ საზოგადოებას ამის უნარი აღმოაჩნდება, ჩვენ ამას მოვახერხებთ; თუ არა – არაერთხელ მყოფ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. 300 წელიწადს იყვნენ თურქები საქართველოში, მაგრამ თავი დავაღწიეთ. იმედი მაქვს, საქართველოს აღმოაჩნდება ძალა და ამ სიბინძურიდან  ქვეყანას გამოვიყვანთ.

– მოდი, მაჟორული ნოტით დავასრულოთ. შემოდგომაზე, ღვთის წყალობით, ბაგრატოვანთა სამეფო ოჯახი  ტახტის მემკვიდრის დაბადებას ელის. იქნებ განგებისგან მოვლენილი ეს  პატარა ადამიანი – „ტახტის მომავალი მემკვიდრე“ – აღმოჩნდეს საქართველოს გადარჩენის, გაბრწყინების ის ნაპერწკალი, რომელსაც ამდენი ხანია, მთელი საქართველო ელოდება...

– გაბრწყინების რა გითხრათ... იქნებ იმედის ის  მბჟურტავი სინათლე არ ჩაქრეს, რომელსაც ველოდებით... იმ სასოწარკვეთილი მდგომარეობიდან თავის გამოყვანა შევძლოთ, რომელშიც ვიმყოფებით, ვინაიდან დღეს მსოფლიოში არ მეგულება ისეთი უთავმოყვარეო ადგილი და წარმონაქმნი, როგორადაც  დღევანდელი საქართველო აქცია სააკაშვილმა. თუ ჩვენი ქვეყნის განვითარების  ისტორიულ ფესვებს გავითვალისწინებთ, ამ კუთხით, „ტახტის მემკვიდრის“ დაბადებას მართლაც დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

 

ესაუბრა ბაია ამაშუკელი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“