თბილისი. 7 სექტემბერი. საქინფორმი. სკანდალური საიტი „wikileaks“-ის ინფორმაციით, 2008 წელს აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობდა. ამ შინაარსის ანგარიში სახელწოდებით „საქართველოს ბიბლიისა და ღმერთის გარეშე მართვა შეუძლებელია“, „wikileaks“-ის ინფორმაციით, ტეფტმა სახელმწიფო დეპარტამენტს 2008 წლის 8 დეკემბერს გაუგზავნა.
ჯონ ტეფტი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „პატრიარქი ხშირად პოზიტიურ როლს თამაშობს“, რის მაგალითადაც აჭარის რევოლუციის, 2007 წლის არჩევნებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში პატრიარქის ქმედებები მოჰყავს. „საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ პატრიარქის როლი მკვეთრად იზრდება. სწორედ პატრიარქმა მონათლა ედუარდ შევარდნაძე, ხოლო შემდეგ „ვარდების რევოლუციით“ მოსულ ლიდერებსაც მხარდაჭერა გამოუცხადა, განსაკუთრებით კი – მიხეილ სააკაშვილს. პატრიარქი ყოველ წელს იმყოფება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე და პრეზიდენტის გვერდით დგას, ხოლო სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრთა ხილვა საკვირაო ლოცვებზე ხშირადაა შესაძლებელი“, – წერს იმდროინდელი ელჩი.
რაც შეეხება ოპოზიციას, ამერიკელი დიპლომატი წერს, რომ „თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის, რადიკალები, ეკლესიის ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად და მის წინააღმდეგ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ეწინააღმდეგება“.