აქტუალური
საქართველოში ბრიტანეთის ელჩის კრიტიკას უპასუხეს

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლება მზადაა განიხილოს დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი პრეტენზია და აღიაროს შეცდომები, თუ ისინი კონკრეტული მტკიცებულებებით იქნება გამყარებული, თუმცა, თუ მეორე მხარე მხოლოდ სლოგანებს გამოიყენებს და არა არგუმენტებს, მაშინ დიალოგი შეუძლებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ანტიდემოკრატიული ზეწოლის გამო დაზიანდა. დიპლომატის თქმით, დიდი ბრიტანეთი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდება.

გაქვს რამე პრეტენზია, ვინმემ გითხრა უარი რომ დავჯდეთ და საგნობრივად გავიაროთ?! თუ შენ დამისაბუთებ რომ რაღაცაში ვცდები, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად არ ვიქცევი და მე ვერ ვუარყოფ ამ დასაბუთებას, მაშინ, კეთილს ვინებებ, წავალ და ამას გამოვასწორებ. მაგრამ, როდესაც მე მაქვს არგუმენტები და შენ ლოზუნგებით მელაპარაკები, მაშინ ეს დიალოგი ვერ შედგება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

საქართველოს არასდროს გადაუხვევია ევროინტეგრაციის გზიდან, რის შესახებადაც კარგად იციან რიგითმა მოქალაქეებმა, მათ შორის სტუდენტებმა და ახალგაზრდობამ, განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანული მედიისა და ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი პუბლიკაციები და განცხადებები ნათლად აჩვენებს გაერთიანებული სამეფოს უსამართლო დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

სამწუხაროა, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც სრულიად უსამართლოდ ექცევიან ჩვენს ქვეყანას, არის დიდი ბრიტანეთი... სამწუხაროდ ეს უსამართლო დამოკიდებულება ამ ქვეყნიდან აშკარად და ღიად ჩანს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.