პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „ქურდებისთვის ფულის გამორთმევა მერაბიშვილმა თავისკენ მოიკითხოს“

burjika9თბილისი. 7 სექტემბერი. საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მისი ოჯახის მიერ ე.წ. კანონიერი ქურდის – ტარიელ ონიანისთვის, 500 000 დოლარის გამორთმევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, „ტარიელ ონიანს და არც სხვა კანონიერ ქურდებს ის და მისი ოჯახის წევრები არ შეხვედრიან, მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონიათ და ამის სურვილი არც აქვთ“.

„ტარიელ ონიანთან კონტაქტები, ფულის გამორთმევა, ქურდებთან საქმეების გარჩევა ვანო მერაბიშვილმა მოიკითხოს თავისკენ, სააკაშვილისკენ და თავიანთი ხელისუფლების მხარეს“, – აცხადებს ბურჯანაძე „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ იმ სკანდალურ ტელეგრამასთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილზე დაყრდნობით ვაშინგტონს წერს, რომ „ბიწაძემ 500 000 დოლარი ტარიელ ონიანისგან მიიღო“.

ბურჯანაძე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისგან აღნიშნულთან დაკავშირებით დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოქვეყნებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ტეფტის ინფორმაციით, „ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დიდი მოცულობის თანხებს იღებდა რუსეთში დამკვიდრებული ქართველებისგან, რომელთა ნაწილიც შესაძლოა, კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენელი იყოს“.