საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. სისულელეა, როდესაც რომელიმე ქვეყანას გვადარებენ. ეს აჩვენებს, რომ არგუმენტი არ აქვთ, უნდათ, ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე, რომ საქართველომ ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა შეწყვიტოს, რადგან, ელჩის თქმით, ამ მხრივ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და საქართველო ბელარუსს ჰგავს, რაზეც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „სისულელეს ამბობს, თუ ასეთი რამ თქვა“.
„რა მიზნით ამბობს, ეს მათ ჰკითხეთ. სისულელეა, როცა რომელიმე ქვეყანას გვადარებენ. ასეთი შედარება როდესაც კეთდება სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ეთნიკურ ეპითეტებს იყენებენ, რომ რაღაც რუსული დეზინფორმაციაა. ეს აჩვენებს, რომ არც არგუმენტი აქვთ და უნდათ, ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, სხვა ქვეყანას შეადარონ, მის ეროვნულ თავმოყვარეობაზე ითამაშონ. ეს არის პროპაგანდის იაფფასიანი ტრიუკი. ამიტომ გეუბნებით, ის, რაც ელჩმა თქვა, სისულელეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.