თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სამინისტროს იურისტებსა და სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატებს სტრასბურგის სასამართლოს განჩინების შინაარსი სხვადასხვაგვარად ესმით“.
როგორც სამინისტრო განმარტავს, განჩინების აღსრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო ევროპული სასამართლოს მიერ განმცხადებლისთვის მიკუთვნებული თანხის გადახდას განჩინებით განსაზღვრულ 3-თვიან ვადაში – 2011 წლის 26 ოქტომბრამდე, უზრუნველყოფს და ამის შესახებ მინისტრთა კომიტეტს აცნობებს, რომელიც აღსრულების პროცესს უწევს ზედამხედველობას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გირგვლიანის ოჯახთან დავა წააგო. ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაზარალებული მხარისათვის 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ ობიექტურობის კუთხით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მიერ წარმოებული გამოძიება ეჭვებს ბადებს. სტრასბურგის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გირგვლიანის ოჯახს საქმის ხელმეორედ გამოძიების მოთხოვნის უფლებაც ენიჭება.
როგორც ცნობილია, სანდრო გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსით კუდ-ის 4 თანამშრომელი – ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და აფციაური დააკავეს, რომელთაც 7-8- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით მათ პრეზიდენტის შეწყალების შედეგად ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად შსს-ის მაღალჩინოსნებს – ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძესა და მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიას ასახელებდა.