კახეთი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც ჩანს, საქართველოში „ქამრების შემოჭერის“ ცნობილ კამპანიას ყველა ჩინოვნიკი „არ ემორჩილება“. მაგალითად, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი ყოველწლიურად ხელფასის სახით ჯამში 35 ათას 400 ლარს იღებს, ამავე რაოდენობით – პრემიას.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ყოველწლიურად ხელფასის სახით 28 320 ლარს იღებს, ხოლო მისი პრემია სულ რაღაც 4 664, 48 ლარია.
გუბერნატორის მეორე მოადგილე ალექსანდრე კახიძის ხელფასი ერთი წლის განმავლობაში 27 ათასი ლარია, ხოლო პრემია – 4 428. ამავე რაოდენობის ხელფასსა და პრემიას იღებს გუბერნატორის კიდევ ერთი მოადგილე პეტრე კიკნაძეც.
გარდა ამისა, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი სარგებლობს ავტომანქანა „Toyota land Cruise prado lc-150“-ით (სახელმწიფო ნომრით ZDO 007), რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება. საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ის საშუალოდ 24 ათასი დოლარი ღირს.
მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ავტომობილის საწვავისთვის სულ 15 350 ლარი გაიხარჯა, ხოლო ავტომობილის რემონტისთვის – 3 400.
შეგახსნებთ, რომ გიორგი ღვინიაშვილი კახეთის გუბერნატორად 2008 წლის 5 სექტემბერს დაინიშნა.