საზოგადოება
თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის საქართველოს მასშტაბით სახელმძღვანელოების დისტრიბუციის პროცესი დაიწყო. საქართველოს ფოსტის საშუალებით სახელმძღვანელოები პირველად აჭარის რეგიონში გაიგზავნა.
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, რომელთა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა 70 ათასის ქვემოთაა, ყველა სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ. სახელმძღვანელოები გადაეცემათ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებსაც, რომელთა ოჯახების ქულა 57 ათასის ქვემოთაა.
სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები მომავალ წელს სასკოლო ბიბლიოთეკებში დარჩება და მათი გამოყენება სხვა მოსწავლეებსაც შეეძლებათ. აღნიშნული პროცესით სასკოლო ბიბლიოთეკები ეტაპობრივად შეივსება.
P.S. გასულ სასწავლო წელს ბევრმა სოციალურად დაუცველმა მოსწავლემ ვერ ისარგებლა აღნიშნული შეღავათით, რადგან სამინისტრომ საზაფხულო არდადეგების პერიოდში მოითხოვა სკოლებიდან ინფორმაცია. ბევრ სკოლას ამ დროისთვის მოსწავლეთა ახალი მონაცემები სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბაზიდან არ ჰქონდა. ნაწილობრივ, თბილისის მერიამ შეძლო ამ მხრივ ხარვეზების აღმოფხვრა და დახმარება. თუმცა თუ წელს კიდევ ბევრი ოჯახი ვერ ისარგებლებს სამინისტროს მიერ გაწეული შეღავათებით, ეს არ ნიშნავს, რომ მათი კეთილდღეობა ამაღლდა – უბრალოდ, სოციალური სააგენტოები ყველაფერს „აღმოაჩენენ“ ბინაში, რომ ოჯახების რეიტინგული ქულა ასცდეს 57 000-ს.