უცხოეთი
ევროპარლამენტის კვლევა - სომხეთში კონსტიტუციური რეფერენდუმის ჩავარდნა ფაშინიანის ხელისუფლებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთში კონსტიტუციური რეფერენდუმის ჩავარდნა ფაშინიანის ხელისუფლებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის მიერ ევროპარლამენტისთვის მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის, ასევე ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებს ეხება.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთირთობების კონტექსტში დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ ყარაბაღში მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი უკვე დახარჯა. კვლევის ავტორთა შეფასებით, ფაშინიანის დაუცველობა გამოიხატა მისი პარტიის მიერ მარტში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებზე მიღებულ დაბალ მხარდაჭერაში.

„მიუხედავად საზოგადოების მხარდაჭერის კლებისა, ოპონენტები მაინც უკან არიან. ბაქოსთან ნებისმიერ ახალი დათმობაზე წასვლა, თუ ეს იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმით, სომხეთის ოპოზიციური პარტიების მიერ გამოყენებული იქნება პოლიტიკურ იარაღად საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც დაგეგმილია 2026 წლის ივნისში. ამ კამპანიაში ოპოზიციურმა პარტიებმა და დიასპორამ, შესაძლოა, იპოვონ მხარდაჭერა რუსეთში, რომელიც მანამდე იყო სომხეთის მოკავშირე და უსაფრთხოების წყარო. მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა უკვე დაავალა თავის ახლო თანაშემწეს, სერგეი კირიენკოს „წინ წაწიოს რუსული ინტერესები“ სომხეთში“, – ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, დოკუმენტის ავტორები მიუთითებენ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი კვლავაც აგრძელებს საკუთარი ხედვის, „რეალური სომხეთის“ რეალიზაციას და წინ წაწევას. ამ კონტექსტში ფაშინიანმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს ახალი კონსტიტუციის მიღებას.

„თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჭირო იქნება რეფერენდუმის ჩატარება 2026 წლის შემოდგომაზე და 2027 წელს. პრინციპში, ახალი კონსტიტუცია უნდა დამტკიცდეს რეფერენდუმით, რომლის შედეგადაც ამომრჩევლები მხარს დაუჭერენ ცვლილებებს და ამასთან საყოველთაო გამოკითხვაში დარეგისტრირებული ამომრჩევლების, სულ მცირე, 25% მიიღებს მონაწილეობას. ამ მაჩვენებლის მიღწევა რთული იქნება, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები აღქმული იქნება აზერბაიჯანის მხრიდან ზეწოლად. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა, ოპოზიციამ, შესაძლოა, დაიწყოს ბოიკოტის კამპანია, რასაც დაემატება ამომრჩევლების დაღლილობა და ამას, შესაძლოა, მოჰყვეს რეფერენდუმის შედეგების ბათილად გამოცხადება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპარლამენტისთვის მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სომხეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩავარდნა იქნება სერიოზული პოლიტიკური დარტყმა ფაშინიანის ხელისუფლებისთვის და ასევე გამოიწვევს აზერბაიჯანის ბრალდებას, რომ სომხეთს არ სურს მშვიდობა და ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიულია განწყობების სტიმულირება. მეორე მხრივ, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამ, შესაძლოა, გახსნას მშვიდობის შესაძლებლობის ფანჯარა.

„ასეთ მყიფე წონასწორობაში, როდესაც სომხეთისთვის უფრო მეტი დევს ფსონზე, ხოლო აზერბაიჯანი აცხადებს, რომ არ ჩქარობს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას, მესამე მხარეთა პოზიციამ, თუნდაც შეზღუდული ბერკეტებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს. ამ კონტექსტში აშშ-ის ხელმძღვანელობით 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული სამიტის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სხვა მოთამაშეებს, ძირითადად ევროკავშირსა და თურქეთს, შეუძლიათ არანაკლები როლი ითამაშონ ჯერ კიდევ მყიფე სამშვიდობო პროცესის განმტკიცებასა და პარალელურ საკითხებზე (იგულისხმება, მაგალითად, საზღვრების დემარკაცია და დაკავშირებადობა) მუშაობის გზების პოვნაში, რაც საშუალებას მისცემთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, მშვიდობისგან მიიღონ სარგებელი, საბოლოოდ ტექსტის ხელმოწერამდე“, – ნათქვამია ევროპარლამენტისთვის მომზადებულ დოკუმენტში.

1tv.ge