აქტუალური
EMAAR ჯგუფის დამფუძნებელი: მთელ მსოფლიოში ამხელა ეკონომიკური ზრდა არავის აქვს, რაც საქართველოს

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ამ ტემპით, ამ მასშტაბით როდესაც ეცნობი საქართველოს ეკონომიკური მიღწევის შესახებ ინფორმაციას, ხვდები, რამხელა ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი მსოფლიოში. ამ დროს გონივრულად უნდა დაფიქრდეს ადამიანი, რაღაცას აშკარად ძალიან კარგად აკეთებთ, აშკარად ძალიან ბევრს მუშაობთ, ეს იოლი არ არის, – ამის შესახებ EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა, მოჰამედ ალაბარმა Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მოჰამედ ალაბარმა აღნიშნა, საქართველო აღწევს უმაღლეს მაჩვენებლებს მთელ მსოფლიოში, ამხელა ეკონომიკური ზრდა არავის აქვს.

„უნდა დაფიქრდეს ადამიანი, როგორც შეიძლება, 8-9, თუნდაც 7%-ის მიღწევა მოახერხო ქვეყანაში, ეკონომიკური მაჩვენებელი მაქვს მხედველობაში. წარმატება ამ სფეროში იოლი ნამდვილად არ არის. 40-წლიანი გამოცდილება მაქვს და ყოველდღე ბრძოლაა ჩემთვის ეკონომიკური წინსვლა, განვითარება, განსაკუთრებით, ჩემს კომპანიაში. ამავდროულად, მინდა, ვთქვა, რომ თქვენ აღწევთ უმაღლეს მაჩვენებლებს მსოფლიოში, ამხელა ეკონომიკური ზრდა არავის აქვს. ბევრმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს თქვენგან, რა ინსტრუმენტებს იყენებთ, რა ინიციატივებს ახორციელებთ თქვენ და თქვენი გუნდი ამ ტემპით, ამ მასშტაბით. აშკარად კარგი პოლიტიკაა, რომელიც მუშაობს. ეს ხალხის ძალიან დიდი ძალისხმევა და გუნდის დიდი წარმატებაა. ეს ჩვენთვის, ინვესტორებისთვის გადამწყვეტია. ჩვენ, ინვესტორებს გასათვლელი გვაქვს, ფულს გავაკეთებთ თუ არა, წარმატება გვექნება თუ არა რომელიმე კონკრეტულ საქმეში, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში. მგონი, ყველაფერი კარგად მიდის. დიდი მოცულობის სამუშაო გაკეთდა წელიწად-ნახევრის განმავლობაში. შეთანხმებაზე ხელმოწერამდე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთს ვაგულიანებთ. ურთიერთობას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ძალიან ვუფრთხილდებით. მთელი ჩვენი გუნდი არის თქვენდამი ძალიან ერთგული და მადლიერი იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება გვანდეთ. არა მარტო გვენდეთ, არამედ გაგვიღეთ თქვენი ქვეყნის კარი. თქვენ გვექცევით არა როგორც ინვესტორს, არამედ გვექცევით როგორც ოჯახის წევრს. ასეთი განწყობა განსაკუთრებულია და ეს ყველას ეხება საქართველოში. ყველა ქართველი ასე ექცევა ყველა სტუმარს“, – განაცხადა მოჰამედ ალაბარმა, რომლის გამოსვლაც მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

EMAAR ჯგუფი თბილისსა და ბათუმში ულტრათანამედროვე, ურბანულ პროექტებს განახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina-ის პროექტები, 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციით, ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად 350,000-ზე მეტი ვიზიტორის მოზიდვას, 10 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიციის გენერირებას და 30,000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას მშენებლობის, საცალო ვაჭრობის, სასტუმრო და გართობის სექტორებში.