საზოგადოება
თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პირველი სექტემბრიდან საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული და ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი პენსია მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 ლარამდე გაიზარდა.
პენსიის გაზრდილი ოდენობის დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტში, დაახლოებით, 55 მილიონი ლარის ოდენობით დამატებითი თანხები აპრილში ჩაიდო.
მანამდე 100 ლარამდე პენსიის გაზრდის გეგმებზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარტში გააკეთა განცხადება და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის პირველი ნახევრიდან პენსია 100 აშშ დოლარს „მიუახლოვდება“.
2008 წელს მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მინიმალური პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას დაჰპირდა ხანდაზმულებს, რის შეუსრულებლობის გამოც ოპოზიცია მას ხშირად აკრიტიკებს.
საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისათვის – 60 წელს, ხოლო მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენს.