უცხოეთი
ალ შარაა პუტინს ხვდება - სირიის ახალ პრეზიდენტს ასადის ექსტრადიცია სურს

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. სირიის მოქმედი პრეზიდენტი, აჰმედ ალ შარაა სამუშაო ვიზიტით რუსეთს ესტუმრა. ის შეხვედრას მართავს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. არსებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი სირიის მოსკოვში გაქცეული დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის ექსტრადიციაზე შეთანხმების მიღწევაა.

საუბარია ასადების დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელზე, რომელიც ქვეყანას 20 წელზე მეტი მართავდა და რომელმაც სამხედრო გადატრიალების შემდეგ თავი რუსეთს შეაფარა.

აჰმედ ალ შარააა მოელის, რომ კრემლი მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და სირიის ახალ ხელისუფლებას ბაშარ ალ ასადს გადასცემს. თუ ორ მხარეს შორის შეთანხმება შედგა, ასადი ომის დანაშაულებისა და ქვეყნის ავტორიტარული მართვისთვის გასამართლდება. უცნობია, რა პირობებს წამოაყენებს ვლადიმერ პუტინი ასადის გადაცემის სანაცვლოდ, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რადგან კრემლმა ალ შარაა მიიღო, ესე იგი, მოლაპარაკებისა და გარიგებისთვის სივრცეც არსებობს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბაშარ ალ ასადის ლიკვიდაცია მოსკოვში უკვე არაერთხელ სცადეს. დაუდგენელი გზით მოწამვლის გამო ის საავადმყოფოში უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა, თუმცა ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისად, უცნობია, ზუსტად ვის ინტერესში შედიოდა ასადის სიკვდილი.

შეგახსენებთ, აჰმედ ალ შარაა ქვეყნის სათავეში გასული წლის დეკემბერში, მას შემდეგ მოვიდა, რაც ერთი კვირის შუალედში უსწრაფესი კამპანიით დაიკავა სირიის ქალაქები და 14 დეკემბერს დამასკოშიც შევიდა. ალ შარაა, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იძებნებოდა და რომლის თავზეც $10-მილიონიანი ჯილდო იყო გამოცხადებული, წელს დონალდ ტრამპს შეხვდა.

შტატების ლიდერმა საუდის არაბეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ სირიას დაწესებულ სანქციებს მოუხსნიდა. პარალელურად, ალ შარაას გაპრეზიდენტებას დადებითად შეხვდნენ ევროკავშირში, რომლის ლიდერებიც ვიზიტით დამასკოშიც ჩავიდნენ. ალ შარაას ლეგიტიმაციის ყველაზე მკაფიო გამოვლენა გაეროს მე-80 საიუბილეო სამიტზე მისი გამოსვლა იყო. ნახევარ-საუკუნოვანი პაუზის შემდეგ სირიის ახალმა პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერებს მიმართა და ისაუბრა ქვეყნისადმი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის საჭიროებაზე.

bm.ge