სამართალი
სახალხო დამცველის მონიტორინგი ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში

monitoringiთბილისი, 2 სექტემბერი, საქინფორმი. სახალხო დამცველის 2011 წლის ზაფხულის მონიტორინგის მიხედვით, ზუგდიდისა და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მძიმე მდგომარეობაა.

სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში გეგმური მონიტორინგი ჩაატარეს ზუგდიდის N4 და ბათუმის N3 დაწესებულებებში.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული, ზემოდასახელებული დაწესებულებების ლიკვიდაცია სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2009 წელს მოითხოვა. ორივე დაწესებულების ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებული და ამორტიზებულია, რომ რემონტსაც აღარ ექვემდებარება. ამის გამო ორივე დაწესებულებაში შეუძლებელია მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურება. მოუგვარებელია გადატვირთულობის პრობლემა. ბათუმის N 3 დაწესებულება 557-ზეა გათვლილი (განთავსებული იყო 652), ხოლო ზუგდიდის N4 დაწესებულება – 305-ზე. მონიტორინგის ჩატარებისას იქ იმყოფებოდა 378 პატიმარი.

პატიმრების აღნიშვნით, ისინი თანამშრომელთა მისამართით რაიმე პრეტენზიას არ გამოთქვამენ, ორივე დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობა გაუმჯობესებულია.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაწესებულებებში პრობლემას წარმოადგენს პაემანის ხანგრძლივობა. პატიმრობის კოდექსის თანახმად, ხანმოკლე პაემანი 1-დან 2 საათამდე გრძელდება. მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, დასახელებულ დაწესებულებებში პაემანთა ხანგრძლივობა 20-25 წუთით განისაზღვრება.

მონიტორინგმა გამოავლინა  ბათუმის N3 დაწესებულებაში სატელეფონო კავშირის მოუგვარებლობა, რაც განსაკუთრებით აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. რაც შეეხება N4 დაწესებულებას, აქ პატიმრებს თვეში ორჯერ ეძლევათ ტელეფონით სარგებლობის საშუალება, რაც განისაზღვრება 5-10 წუთით.

ზემოდასახელებულ დაწესებულებებში განთავსებული პატიმრები სარგებლობენ ოჯახის წევრებთან მიმოწერის უფლებით, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავენ, მათი უმეტესობა ამ უფლებას არცთუ ისე ხშირად იყენებს.

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დეტალური ანგარიში ოქტომბერში გასაჯაროვდება.

ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში განაგრძობენ მონიტორინგს.