უცხოეთი
მარკო რუბიო - ღაზაში ომი ჯერ არ დასრულებულა, პრიორიტეტი მძევლების გათავისუფლებაა

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ღაზაში ომი ჯერ არ დასრულებულა, პრიორიტეტი მძევლების გათავისუფლებაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ენბისის“ გადაცემა Meet the Press-თან საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ „ჰამასი“ ძირითადად დაეთანხმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ დასამუშავებელია.

„ისინი შეთანხმდნენ, პრინციპულად და ზოგადად, რომ განიხილონ იდეა იმის შესახებ, რა მოხდება შემდეგ. იქ ბევრი დეტალი უნდა დამუშავდეს“, – აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დანამდვილებით ცნობილი არაფერია.

„არავის შეუძლია, გითხრათ, რომ ეს 100-პროცენტიანი გარანტიაა“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიოს თქმით, აშშ ძალიან სწრაფად გაიგებს, სერიოზულად იყო თუ არა „ჰამასი“ განწყობილი მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე ტექნიკური მოლაპარაკებების დროს.

„პირველი პრიორიტეტი, რომლის მიღწევასაც, ვფიქრობთ, ძალიან სწრაფად შევძლებთ, არის ყველა მძევლის გათავისუფლება ისრაელის ყვითელ ხაზზე დაბრუნების სანაცვლოდ, სადაც ისრაელი აგვისტოს შუა რიცხვებში იდგა. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ისრაელი ყვითელ ხაზზე დაბრუნდება და შესაძლოა მის მიღმაც? როგორ შევქმნათ პალესტინური ტექნოკრატიული ხელმძღვანელობა, რომელიც „ჰამასი“ არ იქნება? როგორ განიარაღდეს ნებისმიერი სახის ტერორისტული ჯგუფი? ეს ყველაფერი რთული იქნება, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან ამის გარეშე მდგრადი მშვიდობა არ იქნება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

1tv.ge