აქტუალური
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს გუშინდელ პლენარულ სესიაზე უყარეს კენჭი.

პროექტს, სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, 77 დელეგატიდან 68-მ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ წავიდა შვიდი, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

ამასთან, კენჭისყრამდე დოკუმენტში რამდენიმე შესწორება შევიდა.

კერძოდ, ერთ-ერთი შესწორების მიხედვით, ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ყოფილ წევრებს წევრობის დროს მიცემული ხმების ან საქმიანობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხე ემუქრებათ. ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი წევრები არ შეიძლება, სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდნენ, თავიანთი ფუნქციების შესრულებისას ნათქვამი ან მიცემული ხმების გამო და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, გამოიჩინონ ყველანაირი ძალისხმევა, რათა მსგავსი მოვლენები თავიდან აიცილონ.

რეზოლუციის დანარჩენი პუნქტები უცვლელი დარჩა.