აქტუალური
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს ავრცელებს

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს ავრცელებს. რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან ედიტე ესტრელა სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფიდან და საბინა ჩუდიჩი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს.

რეზოლუციის პროექტის ტექსტის თანახმად, საქართველოში სწრაფი უკუსვლა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

PACE გმობს საქართველოს ხელისუფლების იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას, უსაფუძვლო თავდასხმებსა და ბრალდებებს საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ. ასევე დაგმობილია მზია ამაღლობელისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება, რომლებიც ასამბლეის განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები.

ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით დევნას. ამ მხრივ ვგმობთ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის შეთხზული ბრალდებებით, პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას. ასეთი დევნა მიზნად ისახავს, განსხვავებული აზრის ჩახშობას და ის დემოკრატიულ საზოგადოებასთან შეუთავსებელია, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ასევე საუბარია 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე: ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებელი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა.

PACE გმობს ხელისუფლების მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობებს და აცხადებს, რომ ეს ერთპარტიული დიქტატურის გამოყენებას გამოიწვევს, რაც ევროსაბჭოს წევრობასთან შეუთავსებელია.