საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უმაღლეს ნიშნულს იკავებს.
„2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მეათე წელია ზედიზედ დაიკავა ადგილი ე.წ. პირველ კალათაში, სადაც წელს მხოლოდ 33 ქვეყანა მოხვდა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, „საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რაც ასევე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მთავრობის ძალისხმევა მოიცავს როგორც დანაშაულის პრევენციას, ისე დამნაშავეთა გამოვლენასა და მსხვერპლთა დაცვას, ხოლო მიღწეული პროგრესი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.