საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საჭირო არის ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად და მდგრადი ძალისხმევის გამო კვლავ „პირველ დონეზე“ (Tier 1) დარჩა.
„ეს ძალისხმევა მოიცავდა უფრო მეტი ტრეფიკერის დევნასა და გასამართლებას, მსხვერპლთა იდენტიფიცირებას და თავშესაფრებისთვის დაფინანსების გაზრდას. პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში, სასამართლოებმა მსხვერპლებს კომპენსაცია მიანიჭეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
მიუხედავად პროგრესისა, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების გამოძიება და დევნა არასაკმარისი იყო. ასევე, უცხოელი მსხვერპლებისთვის სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოში დარჩენის ვალდებულებამ შესაძლოა შეაფერხოს მათი თანამშრომლობა.
ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციებიც: „განსაკუთრებით სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების აქტიური გამოძიება, შესაბამისი სასჯელების გამკაცრება, მოწყვლად ჯგუფებში ტრეფიკინგის ინდიკატორების შემოწმება და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერება“.
ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი ქალები და გოგონები ექსპლუატაციას განიცდიან როგორც ქვეყნის შიგნით (აჭარაში), ისე საზღვარგარეთ — კვიპროსში, ეგვიპტეში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც მათ მაღალი ანაზღაურების დაპირებით აბარებენ.