პოლიტიკა
ზაფხული – 2011: სამი მილიონი ტურისტი ბლეფი გამოდგა...

aaaთბილისი, 1 სექტემბერი, საქინფორმი. მართალია, წელს ხელისუფლება საქართველოში 3 მილიონ ტურისტს ელოდება, მაგრამ ყველაზე ცხელი სეზონის, ივლისი-აგვისტოს, მიწურულს საქართველოში ორი მილიონი ტურისტის შემოსვლაც კი არ დაფიქსირებულა. ექსპერტი მარინა მეტრეველი ხელისუფლების მიერ დასახელებული 3 მილიონი ტურისტის მოლოდინს არარეალურს უწოდებს, რადგან ამდენი ტურისტის მისაღებად საქართველოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა დღეისათვის არ აქვს.

სტატისტიკურ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძეც. როგორც საქინფორმთან საუბრისას ბატონმა ლევანმა აღნიშნა, ხელისუფლების მონაცემები ტურისტების რაოდენობის შესახებ გადაჭარბებულია.

„ყველა ვიზიტორის ტურისტად გამოცხადება რეალურ სტატისტიკას ბუნდოვანს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკა რეალურს არ შეესაბამება და ამან თითქმის საყოველთაო ხასიათი მიიღო. რომელ სამ მილიონ ტურისტზე შეიძლება საუბარი, როდესაც წელს აჭარა რეალურად ტურისტების ტოტალურ შიმშილს განიცდის? ეს განსაკუთრებით ქობულეთს ეხება, რომელიც, პრაქტიკულად, ცარიელია. ამის აღიარება კი ხელისუფლებას არ უნდა. 3 მილიონი ტურისტის მოლოდინი კი ეჭვის საფუძველს იძლევა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, საქართველო რამდენად არის ეკონომიკურად მზად, მიიღოს ამდენი ტურისტი. ქვეყანამ იმდენი ტურისტი უნდა მიიღოს, რამდენის „აწევაც“ შეუძლია, რათა ზიანი არ მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას“.