საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ელჩი როცა აირევა და უღალატებს პროფესიონალიზმს, იბარებენ და ეუბნებიან, რომ არ იქცევა სწორად. ვენის კონვენცია არ არის ცარიელი ქაღალდი, არამედ საერთაშორისო სამართლის წამყვანი ტექსტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულია, ელჩი დაიბაროს.
„ყველას არ ეხება ეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსულმა არაერთი ქვეყნის არაერთმა ელჩმა ხელი შეაჩვია საქართველოს უშნოდ. ეს არის ფაქტები, რომლებიც არის უტყუარი“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის წითელი ხაზი ყოველთვის იყო საქართველოს ეროვნული ინტერესები და მას არავის დაარღვევინებდა.