საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. „საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ...“.
„არ მინდა, შევიდე პოლემიკაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, შესაბამისად, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მან, არ ვთვლი საჭიროდ ამაზე რეაგირებას. რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, უკრაინაში ამ თვალსაზრისით არის ტრაგიკული მდგომარეობა როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. როდესაც ასეთ დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ნონსენსი. საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის... ჩვენ ათი თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.