საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებზე ახალი პროექტი განხორციელდება, რაც გულისხმობს მეტროს პირველი ხაზის თითო სადგურით გაგრძელებას ორივე მიმართულებით.
„ახალი სადგურები მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და გაზრდის ქსელის გამტარუნარიანობას. „ვარკეთილის“ მიმართულებით გაგრძელების სიგრძე იქნება 1,2 კმ, რაც დილის პიკის საათში 4 500-მდე მგზავრს მოიზიდავს. გლდანის მიმართულებით გაგრძელება 1,1 კმ–ს შეადგენს და ახალ სადგურს 5 500 მგზავრი გამოიყენებს. დამატებით, შემცირდება ორჯერადი გადაჯდომის საჭიროება და ზოგიერთისთვის მგზავრობის დრო 20 წუთით დაიკლებს,“ – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი გააუმჯობესებს ფეხით მოსიარულეთა ხელმისაწვდომობას, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას და შეამცირებს ტრანსპორტის გადატვირთვას მეტროსადგურებთან და მიმდებარე უბნებში.