საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ყველა მევენახეს აქვს ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც კახეთის რეგიონში რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მინისტრის განცხადებით, რთველი შეუფერხებლად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსხვავებული ფასის განსაზღვრა მაღალკონდიციურ და არაკონდიციურ ყურძენზე, რამაც ხელი შეუწყო ხარისხიანი ყურძნის ჩაბარებას, მიუხედავად ამინდისა. ყველა მევენახეს აქვს შესაძლებლობა, ჩააბაროს ყურძენი. ხარისხიანი ყურძენი ხელს უწყობს ხარისხიანი ღვინის დაყენებას, რაც ექსპორტის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობების გარანტიაა,“ – აღნიშნა სონღულაშვილმა.

24 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ 110 000 ტონა შეადგინა, რაც მიმდინარე წლის რეკორდული მაჩვენებელია. ყურძენი 9000-მდე მევენახემ უკვე ჩააბარა ღვინის საწარმოებში.