საზოგადოება
კახა კალაძე: სამგორის პარკს მეფე ერეკლე მეორის სახელობის პარკი ეწოდა

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. პარკში თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განთავსდა მეფე ერეკლე მეორის ძეგლი, რომელიც მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

პარკის გახსნისას თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი განვახორციელეთ. დღეს ამ ტერიტორიაზე მეფე ერეკლეს ძეგლი გავხსენით, რაც საამაყოა თითოეული ქართველისთვის. პარკი, რომელიც წლების განმავლობაში მოუვლელი იყო, დღეს განახლებულია და გამწვანებულია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ე.წ. სამგორის პარკს ეწოდოს მეფე ერეკლე მეორის სახელობის პარკი. ძალიან მიხარია, კარგი პროექტი გამოვიდა და ჩვენ ქალაქის განვითარებას გავაგრძელებთ“.

რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო სასეირნო ბილიკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, პავილიონები, ამფითეატრი, ცხოველებისთვის ზონა, მშრალი შადრევანი და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობა. გამწვანების პროცესში დაითესა ბალახი 17 854 კვადრატულ მეტრზე და დაირგო 4 722 ძირი ნერგი. პროექტის საერთო ღირებულებამ 5 მილიონი ლარი შეადგინა.