სამართალი
სუს-მა B.P. TRANS-ის ხელმძღვანელები და ზედამხედველები დააკავა, ყოფილ დირექტორზე ძებნა გამოცხადდება

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ პროკურატურასთან ერთად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დააკავა შპს B.P. TRANS-ის დირექტორი ვ.კ., ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ., ასევე ზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი.

გამოძიების თანახმად, B.P. TRANS-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ბ.პ., რომელიც ამჟამად მიმალვაშია, დანაშაულში მონაწილე პირებთან ერთად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თანხას.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრამდე ქუთაისი–ალპანა–მამისონის გზის მონაკვეთსა და ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე, ნაპირდამცავი ქვაყრილის მოწყობისას, ბ.პ.-მ, დირექტორ ვ.კ.-ს, თანამშრომელ ი.ჭ.-ს და ზედამხედველებს გ.კ.-ს, რ.ფ.-ს და ი.გ.-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა 4 184 249 ლარს,“ – განაცხადეს სუს-ში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.