საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. „გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავაკისრე. არ მომისმინეს. რადიკალი არ ვარ. გერმანია მეგობრად რჩება,“ – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ელჩის თქმით, მან დეტალურად უარყო მის წინააღმდეგ და გერმანიის მიმართ „უსაფუძვლო თავდასხმები“ და პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა ფიშერს აუხსნა, რომ „ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენელი ვალდებულია, პატივი სცეს მასპინძელი ქვეყნის კანონებს და არ ჩაერიოს მის შიდა საქმეებში“.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ფიშერის გამოძახების შემდეგ განცხადება გაავრცელა: „გერმანიის ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით.“