საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს ოფიციალურად განემარტა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს აქვს ვალდებულება, პატივი სცეს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონებსა და რეგულაციებს და არ ჩაერიოს მისი შიდა საქმეებში.
შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი უძღვებოდა, აღინიშნა, რომ ქართულ მხარეს აწუხებს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისება, რაც დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას. ასევე, საგარეო უწყებამ გააკრიტიკა მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობა და ამ პროცესში ელჩების ჩართვა.
„საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის შესახებ გამოხატული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც დღემდე არ მომხდარა. შესაბამისად, ქართული მხარე მიიჩნევს, რომ მსგავსი ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მცდელობაა,“ – აცხადებენ უწყებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მიზანმიმართული კამპანიებისა, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორულ ურთიერთობებს და იმედოვნებს, რომ დიპლომატების საქმიანობა მომავალში ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნდება.