აქტუალური
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარში მიიღო მონაწილეობა

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. 22-23 სექტემბერს სომხეთში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთის“ 108-ე სემინარი. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მონაწილეობდნენ ღონისძიებაში.

სემინარის მთავარი თემები იყო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები, დემოკრატიული პროცესები, უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და მის გავლენას რეგიონზე.

დისკუსიებისას, საქართველოს დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს კონსტრუქციულ როლს რეგიონში მშვიდობის მშენებლობაში.