სამართალი
ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბერი არჩევნებისა და აქციის ჩათვლით მშვიდად ჩაივლის

 საქართველო, 23 სექტემბერი 2025, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები მშვიდად ჩაივლის, თუმცა კანონის დარღვევის მცდელობაზე მკაცრი რეაგირება იქნება.

„4 ოქტომბერი არჩევნების, აქციისა და ყველაფრის ჩათვლით, ძალიან მშვიდად ჩაივლის, მთავარია კანონის დარღვევაზე არავინ იფიქროს. თუ ვინმეს მაინც დაუცდება ხელი, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ.

საბოლოოდ, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ჩვენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვუწოდებთ. ბუნებრივია, ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით, მათ წარმატების შანსი არ აქვთ. საქართველოში არის დემოკრატია. ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა თუ ვინმეს თავში მოუვა კანონის დარღვევა, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს.

რეალურად, ეს ყველაფერი დაფინანსებულია უცხოური სპეცსამსახურების მიერ, როგორც ეს მოხდა მაიდნის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სცენარის განხორციელებას ვერ დავუშვებთ. საქართველოში ამ სცენარის განხორციელების არავითარი რესურსი არ არსებობს.

რაც შეეხება აქციას, პროცესი ძალიან მშვიდად წარიმართება. თუ ვინმეს წაუცდება ხელი და კანონს დაარღვევს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს, შესაბამისად, არავის ვურჩევ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

რეალური მდგომარეობა არის ის, რომ ოპოზიციას არცერთ მუნიციპალიტეტში არც მერის და არც საკრებულოს არჩევნების მოგება არ შეუძლია. ამ შემთხვევაში ისინი ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებენ გამარჯვებას - აღნიშნა პრემიერმა.