საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებზე შვიდ პირს, რომელთა შორის ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია, ბრალდება წარუდგინა.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
ჯგუფის წევრების განზრახვა მოიცავდა აქციზურ მარკას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების ალკოჰოლური სასმელების დამზადება-შენახვასა და მისი შემდგომი რეალიზაციით მატერიალური სარგებლის მიღებას.
ბრალდებულებს ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დაკავებულები არიან გორში მცხოვრები პირები: გიორგი კანდელაკი (ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი...), ბორის გოგიჩაიშვილი - ბიზნესმენი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი (გივი) ჯალაბაძის ძმა და ასევე გორში მცხოვრები ალექსანდრე კურტანიძე.