საზოგადოება
მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთთან თანამშრომლობა სრულად შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთთან თანამშრომლობის კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი სრულად შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მისი თქმით, ის, რაც სხვა ქვეყნებისთვის ნორმალურია, საქართველოს შემთხვევაში ხშირად ხდება სპეკულაციის საგანი.

საქართველოზე როდესაც არის საუბარი, ყველაფერი ხდება სპეკულაციების საგანი. ის, რაც სხვებისთვის დასაშვებია, ჩვენ შემთხვევაში წარმოჩინდება როგორც მიუღებელი, თუმცა რეალურად საფუძველი ამისთვის არ არსებობს, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო არაფერს აკეთებს განსაკუთრებულს, არამედ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მისივე თქმით, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივსა და აუცილებელს ხდის პარტნიორებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს როგორც დამაკავშირებელი რგოლის როლზე, შეუძლებელია, არ გვქონდეს კარგი ურთიერთობები ჩინეთთან. არ გვაქვს საფუძველი, რომ ურთიერთობები ჩინეთთან იყოს ცუდი და არც სურვილი, — აღნიშნა მინისტრმა.

ბოჭორიშვილმა ასევე უპასუხა ოპონენტების კრიტიკას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე საქართველოს არყოფნასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, საქართველო არ მიიწვიეს, რადგან ორგანიზაციაში არანაირი როლი არ გააჩნია.