საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. „ძალიან ცუდია, როდესაც კონკრეტული ელჩები და საელჩოები ახალისებენ საქართველოში რადიკალიზმს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გიგა ბოკერიას და გია ბარამიძის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.
პრემიერის თქმით, მსგავსი ქმედებები აზიანებს ევროპული ქვეყნების იმიჯს საქართველოში და აჩენს სერიოზულ კითხვებს საერთაშორისო პარტნიორების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, რამდენიმე ევროპული საელჩო პირდაპირ არის ჩართული საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებაში. ისინი ხშირად ხვდებიან რადიკალებს და ეს არის სამწუხარო მოვლენა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკავშირის, ევროპული ქვეყნების იმიჯს საქართველოში ეს ძალიან აზიანებს“, — აღნიშნა კობახიძემ.