სამართალი
ელენე ხოშტარია: გირაოს არ გადავიხდი, ეს ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა იქნება

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გასაღებად ხარკი. ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას, — განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ზაჰესის იზოლატორიდან გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, პატიმრობა არ არის ბრძოლის შეჩერება და მიუხედავად იზოლაციაში ყოფნისა, პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება სანამ ხელისუფლების ცვლილებას არ მიაღწევენ.

ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი გავაკეთო, რაც ჩემს სინდისთან და თქვენთან ახსნად ვერ მექნებოდა. ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც სხვა მრავალი ადამიანის, მაგრამ ეს არ არის ბრძოლის გაჩერება. გავიმარჯვებთ ბოლომდე!“, — დასძინა პოლიტიკოსმა.

ხოშტარიას 5 000 ლარიანი გირაო თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა, თუმცა პოლიტიკოსი მის გადახდაზე უარს აცხადებს. ის 15 სექტემბერს დააკავეს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით.