საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადგილზე იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მას დეტალები გააცნო.
«პარკის პროექტირების კონკურსი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. პარკი დაახლოებით 70 ჰექტარზე მოეწყობა და გააერთიანებს საბავშვო ზონებს, სპორტულ და სავარჯიშო მოედნებს, საფეხმავლო და ველობილიკებს, კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ღია სცენას, პავილიონებს და ღონისძიებების მოედნებს»
პარკში ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, დეკორატიული ტბები და შადრევნები. დაგეგმილია გარე განათება, სარწყავი სისტემები და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა. ახალი სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.