საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 12 000-მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ დააკავეს წარსულში ნასამართლევი ჯ.გ., 1959 წელს დაბადებული, და ლატვიის მოქალაქე ე.კ., 1979 წელს დაბადებული.
“სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს 12 000-მდე აბი „ექსტაზი“, 520 აბი „სუბოტექსი“, კოკაინი, მდმა და მარიხუანა. ასევე ამოღებულია დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი და, სავარაუდოდ, უკანონო სქემით მიღებული თანხა”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.