საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი მოითხოვს მრავალი დეტალის დაზუსტებას და ამ საკითხზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები გრძელდება.
ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. გამოაცხადა ინტერესი ანაკლიის პორტის განვითარებაში. სახელმწიფოს ექნება 51%-ის წილი, ხოლო დანარჩენს კერძო ინვესტორი მიიღებს.
“ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ექვსი ძირითადი საკითხი განიხილება და საბოლოო შეთანხმებას ხელი მოეწერება, როგორც კი შეთანხმება ყველა თემაზე მიღწეული იქნება.